Fsyche's Blog

ლარს ფონ ტრიერის მელანქოლია

ძალიან მნიშვნელოვანი ბმული

ზის ლარს ფონ ტრიერი ხის სავარძელში, აცვია შავები და სადღც, სივრცეში რაღაც კონკრეტულს მიშტერებია. ყოფიერება, რა თქმა უნდა, უცხოა მისთვის, უმნიშვნელოა გარემოც. ოთახში ბნელა და მკრთალი სინათლე მხოლოდ რეჟისორის სილუეტს გამოკვეთს. ტრიერის ფეხებთან ყვავის სხეული დევს. მკვდარია ალბათ. ისმის ვაგნერი

“მელანქოლიას” ყურება თუ გადაწყვიტეთ, ღრმად უნდა ჩაისუნთქოთ, იმდენად ღრმად, რომ ფინალამდე გეყოთ ჰაერი.  რადგან ტრიერი ისევ ეგზიზტენციალურ ჩიხში გაიჭედა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეჟისორი ბოლოდროინდელ ჩვეულ ფორმაშია და ჩვეული ფორმა თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მელანქოლია სუნთქვას შეგიკრავთ ისევე, როგორც “ანტიქრისტემ” გააკეთა ეს.  ყველაფრის გათვალისწინებით, ფინალამდე სამყოფი ჰაერი თუ გდაგარჩენთ, რადგანაც თუ ტრიერი ჩვეულ ფორმაშია, მას ისევ და ისევე უყვარხართ და ეზიზღებით, როგორც საკუთარი თავი. ისევე დაგიცინით, როგორც თავის თავს და თქვენი სისუსტეც საკუთარივით აღიზიანებს. თანაც, ეს კაცი ისე უკრავს თქვენს ნერვებზე, როგორც როიალზე. იცის და მოსწონს, რომ იდეალურად გამოსდის თქვენი წყობიდან გამოყვანა. ჰოდა, ზის თავის ხის სავარძელში და ბოროტდ ხარხარებს თქვენზე და თქვენს ადამიანურ სისუსტეებზე (საკუთარზეც). იცინის თქვენზე და გულწრფელია მისი ირონიაც და თვითირონიაც. ყველაფერი კი იმის ბრალია რომ, როგორც ჩანს, “ანტიქრისტე” ვერ დაეხმარა მძიმე დეპრესიიდან თავის დაღწევაში და უფრო მშვიდი, მაგრამ ბევრად ღრმა კრიზისი დაეწყო.

“მელანქოლია” – ეს არის ფილმი ბედნიერი დასასრულით. თქვენ თუ არა, თავად ფილმის რეჟისორი თვლის ასე. ფილმი, რომელიც 2 საათსა და 9 წუთს გრძელდება, სხვა არაფერია თუ არა ერთი ადამიანის მელანქოლია. უცნაურია, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ტრიერის ჯერჯერობით ბოლო ნამუშევარი მართლა სამყაროს ფიზიკურ აღსასრულზეა, სასაცილოა ამ ფილმის სანახავად კინოდარბაზში პოპკორნმომარაგებული მოკალათება, თუკი ფიქრობთ, რომ ფილმი აპოკალიფსზეა და დაბზარული დედამიწის, ან წყლით სავსე ვატიკანის ხილვა გწადიათ. – ასეთი ფილმებისთვის როლანდ ემერიხი არსებობს – “მოგაჯადოებთ” რამდენიმე იაფფასიანი კადრით და უამრავი ვიზუალური თუ ხმოვანი ეფექტით გაგხვევთ საპოპკორნე კინოს აუტანელ სიმსუბუქეში.

ტრიერი სხვანაირია. ტრიერს არ ადარდებს სამყაროს აღსასრული, არც თქვენ ადარდებთ და არც საკუთარი თავი. ტრიერი ჯასთინია, რომელიც ფიქრობს, რომ სიცოცხლე ყველაზე დიდი ბოროტებაა დედამიწაზე. მელანქოლია კი ბედნიერებაა.  კრიზისი გვაძლევს ძალას, უბედურება გვაბედნიერებს, მაგრამ მაინც ყველანი მარტოსული და უბედური არსებები ვართ, რომლებიც მაშინაც კი იტანჯებიან, როცა გაზაფხულის თბილი დღით ტკბებიან და საკუთარ მელანქოლიას ვერ აცნობიერებენ.

მოკლედ, ზის თავის ხის სავარძელში დანიელი მიზანთროპი, უსმენს ვაგნერს და  ეზიზღება სამყარო, იმიტომ რომ საკუთარ სისუსტეს აცნობიერებს. მერე ფიქრობს, რომ ისეთმა ეგოისტმა და საკუთარ თავში ჩაკეტილმა დეპრესიულმა მანიაკმა, როგორიც თავადაა, აუცილებლად უნდა გადაიღოს კიდევ ერთი ფილმი, რომლის გამოც თავიდან “შეაჩვენებენ” – მოსაწყენია ისე. (ხანდახან ისე მეზიზღება მისი ასეთი სისუსტის გამო. ამაზე არასოდეს გვილაპარაკია, მაგრამ ვიცი რომ თავადაც ეზიზღება ეს სისუსტეები).

ჯასთინი (მთავარი პერსონაჟი) დგას და მკვდარი ჩიტები ცვივა მის უკან. (მეტი ვერაფერი მოიფიქრა?) როსეტის ბეატრისი გვახსენდება. ერთმანეთს ცვლიან ალუზიები ბრეიგელის და ჯონ ევერტ მილეს ტილოებიდან. ვაგნერი უცვლელია. მელანქოლია და დედამიწა ერთმანეთს ერწყმიან და ამ დროს ხვდები, რომ ეს ფილმი მხოლოდ ტრიერისნაირ საკუთარ თავში ჩაკეტილ შეშლილ ხულიგანს შეეძლო გადაეღო.

ფილმის პირველივე ნაწილში აცნობიერებ, რომ სამყარო ფიქციაა, ბედნიერება მოჩვენებითია, მხიარულება მექანიკური. გახსოვთ ცეკვის სცენა ქორწილში? ჯასთინის ყველა მოძრაობა მექანიკურია, მისი ღიმილი უფრო ყალბია, ვიდრე პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დაპირებები. მაგრამ ის იღიმის და ის იღიმის და ის იღიმის, როგორც თავად ამბობს. ირგვლივ კი გრძელდება მექანიკური და გეგმიური სიყალბე და ეს სიყალბე მხოლოდ ქორწინების ტრადიციული რიტუალი არაა. ტრიერის ფილმებში რომ ქალები ძლიერები არიან, ალბათ ახალი ამბავი არავისთვისაა. “მელანქოლიაშიც” არიან ძლიერი ქალები. ფილმში, პირველი ვინც მექანიკურ სამყაროს უპირისპირდება, ჯასთინის და კლერის დედაა, რომელიც შვილის ქორწილში ხმამაღლა მიანიშნებს ყველას ქორწინების ამაოებაზე. ოციოდე წუთში მისი სიტყვები საფუძველს იძენს.

ჰოდა, ზის ხის სავარძელში ტრიერი და უსაზღვრო მელანქოლიაში იძირება. ვაგნერი ისმის. თავში ათას ხუთი კადრი უტრიალებს, რომლებითაც შემდეგ მელანქოლიას ააწყობს და მაყურებელს ააყვირებს. რას აკეთებენ ადამიანები მძიმე განსაცდელის მოახლოებისას? ყველაზე მარტივი პასუხი ალბათ ისაა რომ, საკუთარ სისუსტეებს ამაზრზენად ავლენენ, სასოწარკვეთაში ვარდებიან, ეშინიათ, გარბიან. როდესაც “მელანქოლია” დედამიწას უახლოვდება, კლერი კიდებს ხელს შვილს და ცდილობს გაიქცეს დედამიწიდან, მაგრამ დედამიწიდან ვერ გაიქცევი, აღსასრული იქნება ყველგან. თუ ვივარაუდებთ, რომ მელანქოლია მარტოსულობა, ან ადამიანური კომპლექსებია, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთარ თავს ვერსად გაექცევი. ჯასტინმა იცის ეს.

ტრიერი კი ზის ბნელ ოთახში, სადაც განათება მხოლოდ მისკენაა მიმართული, აცვია შავები, ფეხებთან უდევს ყვავის უსულო სხეული და იყურება სადღაც, სივრცეში, შორს, მელანქოლიისკენ და ყველაზე კარგად უწყის, რომ საკუთარ თავს ვერსად გაექცევი. ისმის ვაგნერი და ლარსმა იცის, რომ ამ დროს ტირი, ან ამ დროს ნატრობ სამყაროს აღსასრულს. ყველაფერი იმდენად ლამაზია, რომ გიყვარს ეს დეპრესიული მიზანთროპი და აძლევ ნებას, თავისუფლად დაუკრას შენს ნერვებზე ვაგნერის ავის მომასწავებელი პრელუდია “ტრისტანი და იზოლდადან”.

Advertisements

11 comments on “ლარს ფონ ტრიერის მელანქოლია

  1. mecmikvarkhar
    August 11, 2012

    ძალიან კარგი პოსტია, ძალიან!!!
    მაგრამ მე მაინც არ მიყვარს ტრიერი, არა ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის შექმნილი :))))))))))))))))))

    • fsiQe
      August 11, 2012

      თეო, მადლობა <3
      ტრიერი კიდევ მეტისმეტად რომ არ მიყვარდეს, არც მე მეყვარებოდა ალბათ :დ

  2. ფილმის ნახვას რომ მოგანდომებს, ისეთი რევიუა :))

    • fsiQe
      August 11, 2012

      ნეტავ ისე დამეწერა ტრიერს რომ ეკადრება და იმსახურებს :d

  3. Snake
    August 11, 2012

    უნდა გააფრთხილო მკითხველი თავიდან, რომ პოსტი სპოილერია!

    ფილმი უდაოდ ძლიერია – ჩემი ერთერთი უსაყვარლესი გახდა.

  4. Irakli Dolidze
    August 11, 2012

    Me ar mevasa melankolia, to esc trieris sxva filmebtan shedarebit

    • fsiQe
      August 12, 2012

      ტრიერის საუკეთესო ფილმად არ ვთვლი “მელანქოლიას”, მაგრამ კარგ ფილმად ვთვლი. “მედეა” და “სიბნელეში მოცეკვავე” უფრო ნაკლებად მომწონს, ვიდრე მელანქოლია, “ანტიქტისტეც”, პრინციპში

  5. Sgt. Pepper
    August 12, 2012

    ასეთი ტრიერი შესანიშნავია, ფაქტია. დეპრესიული, ყველაფერზე გაბრაზებული. რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, იმდენჯერ ახლებურად აღვიქვამ თითქოს. ნუ, პოსტი ხომ უბრალოდ საოცარია. :)

  6. Jane
    August 13, 2012

    მე ძალიან მომეწონა ფილმი. ზოგადად ეგეთ ფილმებს დიდხანს ვერ ვუძლებ ხოლმე მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო….

  7. fsiQe
    August 13, 2012

    Sgt. Pepper

    რამდენჯერაც უნდა ვნახო სულ ვწყდები გარესამყაროს. “ბოროტი” ტრიერიც ისეთივე საყვარელია, როგორც ის ახალგაზრდა ხულიგანი, ადრე რომ იყო.

    Jane

    მიხარია რომ მოგეწონა, ამ კაცის ფილმების ყველა დადებითი შეფასება საკუთარივით მახარებს

  8. glamtaia
    August 23, 2012

    რამდენი ხანია ვაპირებ ამ ფილმის ყურება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა კრგა გვარიანად მიალანძღა, ერთ-ერთ ფორუმზე “მელანქოლიის” მისამართით “იდიოტობა” და “დეგენერატობა” -ზე უკეთესი სიტყვა არც გამიგონია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: