Fsyche's Blog

უმბერტო ეკო – “ვარდის სახელი”

“ერთადერთი ჭეშმარიტება ისაა, ისწავლო როგორ გათავისუფლდე ჭეშმარიტების ავადმყოფური სიყვარულისგან”

მერე კადნიერებაში ბრალი რომ არ დამდოთ, თავიდანვე გამოგიტყდებით რომ ორიოდე ესესა და ერთი მოთხრობის გარდა ეკოსი არაფერი წამეკითხა “ვარდის სახელს” ისე შევეჭიდე. აქამდე, მომწონდა მწერლის დახვეწილი, მსუბუქი ირონია, თავისუფლება და კარგი იუმორი. მერე მისმა გონებამახვილობამ და განსწავლულობამ აღმიძრა სიმპათია. რომანის კითხვა რომ დავიწყე, თავადაც არ ვიცი რას ველოდი, აქამდე მიზანმიმართულად ვცდილობდი არაფერი გამეგო და წამეკითხა “ვარდის სახელზე”. სანამ მეშვიდე დღის ღამემდე მივაღწევდი, საკუთარი მოსაზრებები მქონდა, რომ ჩავამთავრე, ყველაფერი ამოტრიალდა. რაც მეტს ვფიქრობდი,  მეტად ვხვდებოდი რომ შეუძლებელია წიგნში მხოლოდ ერთი ამბავი იყოს. თურმე, ეპილოგში იმავეს იმეორებს ავტორიც.

რომანში მთხრობელი ბენედიქტელი მორჩილი ადსოა, მთავარი პერსონაჟი შუა საუკუნეები, ფილოსოფია და რელიგია, რომელთა მოძღვრებებსაც ფრანცისკანელი ბერი უილიამი გამუდმებით იშველიებს, ზოგს იყენებს, ზოგს აკრიტიკებს. თუმცა არასოდეს ხდება საყოველთაო ღირებულებების თაყვანისმცემელი მათი გააზრების გარეშე. მკითხველს ალბათ თავიდანვე დიდად აღაფრთოვანებს, ან გააღიზიანებს უნივერსალურ იდეებზე სკეპტიკურად, ხოლო ყველაფერ კონკრეტულზე მოწიწებით მოლაპარაკე უილიამ ბასკერვილელი. სწორედ მისი პირით ითქმება ყველა ქრისტიანული თუ არაქრისტიანული ჭეშმარიტება რომანში. მთავარი ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ისწავლო როგორ გათავისუფლდე ჭეშმარიტების ავადმყოფური სიყვარულისგან. რომ გათავისუფლდე  ჭეშმარიტების მონობისგან და მრავალი სხვა ჭეშმარიტების არსებობა დაუშვა. ღმერთს სურს ყველაფერზე ვილაპარაკოთ  – ამბობს უილიამი მონასტრის შეშლილ ბიბლიოთეკართან საუბრისას. ანტიქრისტე სიყვარულისგანაც შეიძლება იშვას, ღმერთის ან ჭეშმარიტების ავადმყოფური სიყვარულიდან ისევე, როგორც წმინდანი შეიძლება მწვალებლად იქცეს და ნათელმხილველი სატანის მსახურად.

ხშირად თავად ინკვიზიტორები ქმნიან მწვალებლებს. არა მარტო იმიტომ, რომ იქ დაეძებენ, სადაც მათი კვალიც არაა, არამედ იმიტომაც, რომ მწვალებლური სულის ამოძირკვის გააფთრებული სურვილით და მეტისმეტი გულმოდგინებით ბევრს, პირიქით, მისკენ უბიძგებენ.

ეშმაკის არსებობის ერთადერთი დასტური, ალბათ, სწორედ ის თავგამოდებაა, რითაც ადამიანები ილტვიან ხოლმე მისი თანამონაწილეობის დასანახად.

რაც ჩვენი გონებისთვის მისაღებია, შეუძლებელია ღვთიური გონებისთვის იყოს მიუღებელი.

მნიშვნელოვანია უილიამის მოსაზრებები ქალების შესახებ, შუა საუკუნეების ბერებს ღრმად სწამთ რომ ქალი ყველაზე უწმინდური რამაა ქვეყანაზე, უილიამი კი ეწინააღმდეგება მათ და ამბობს: ღმერთმა მამაკაცი ამ მუხთალ სამყაროში შექმნა, თანაც ტალახისგან, ქალი კი შემდეგ მიწიერ სამოთხეში, კეთილშობილი ადამიანური მასალისგან გამოძერწა, თანაც ადამის ფეხების ან შიგნეულისგან კი არა, მისი ნეკნისგან. მეორეც, უფალს, ყოვლისშემძლეს, ხომ შეეძლო პირდაპირ მამაკაცად გარდასახულიყო რაიმე სასწაულებრივი გზით, მან კი ქალის მუცლად ყოფნა არჩია, რაც იმის ნიშანია, რომ ქალი არც ისე ბილწია. მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც იესო სწორედ ქალს გამოეცხადა.

რომანში აღწერილ ბენედიქტელთა მონასტერს ორი ცხოვრება აქვს, დღისა და ღამის, ეს უკანასკნელი ბევრად უფრო საინტერესოა დღის ცხოვრებაზე. სწორედ ღამით ხდება  ის ყველაფერი, რაც ღვთისმსახურთათვის გაუგონარი მკრეხელობაა: მრუშობის ცოდვა, რომელიც არც ერთ ბერს არ აკვირვებს, სოდომის ცოდვა, და რამდენიმე ერთმანეთზე უფრო შემზარავი მკვლელობა.

და რა თქმა უნდა ბიბლიოთეკა.. ყველაზე მისტიური და დათრგუნველი “პერსონაჟი” რომანში. ბიბლიოთეკა, თავისი ლაბირინთებით. რომელიც მთელი ამ ისტორიების თხრობის მიზეზი გახდა.  წიგნები, აკრძალული წიგნები, ჩაკეტილი საიდუმლოები. რატომ ეშინიათ მორწმუნეებს ცოდნის ასე ძალიან? რატომ მალავდნენ არისოტოტელეს “აფრიკის კიდეში”? ალბათ იმიტომ რომ გვასწავლის ყოველგვარ ჭეშმარიტებას სახე ვუცვალოთ, ოღონდ კი საკუთარი აჩრდილის მონებად არ ვიქცეთ.

რომანი ისტრიული ჟანრის მოყვარულებსაც და გემოვნებიანი დეტექტივების თაყვანისმცემელთაც ერთნაირად აგიჩქარებთ გულს. თანაც, როგორც თავად ავტორი ამბობს, ის ყველა მკითხველს სხვადასხვაგვარად ესმის. ეშმაკმა იცის სინამდვილეში რა უნდოდა უმბერტო ეკოს, მაგამ მე სხვა მრავალთან ერთად ორი ჭეშმარიტება განსაკუთრებით დამამახსოვრდა “ვარდის სახელიდან” “კაცთა მოდგმის განახლების არ დაიჯერო, როცა მასზე სამღვდელოება, ან სამეფო კარი ლაპარაკობს” და “სამყაროში არავითარი წესრიგი არ არსებობს”.

ეკოსაც და შუა საუკუნეებსაც ალბათ კიდევ ბევრჯერ მივუბრუნდები უკეთ გასაცნობად, ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ აქამდე მას მხოლოდ ზედაპირულად ვიცნობდი (და ახლაც, ჯერჯერობით, როგორც ხედავთ).

თქვენი აზრი კი ერთ საკითხთან დაკავშირებით მაინტერესებს: ქრისტე იცინოდა?

Advertisements

9 comments on “უმბერტო ეკო – “ვარდის სახელი”

  1. faifuris angelozi
    July 28, 2012

    ჩემი შუასაუკუნეებისადმი სიყვარული ამ კაცის დამსახურებაა, საოცარი სარკაზმი და იუმორი აქვს. ისე ბასკერვილი რასაც ლაპარკობს ის ყველაფერი აპოკრიფებიდან არის ამოღებული და კანონიკურ ბიბლიაში არ არის შეტანილი :P

  2. bioblog.me
    July 28, 2012

    სუპერ წიგნია! მეორე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. წიგნი წიგნში, ამბავი ამბავში, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის სიუჟეტს, შეუძლებელია მოწყდე კითხვის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სქელი წიგნების კატეგორიაში გადის, როგორც იტყვიან ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

    ეკრანიზაცია არ არის ცუდი, მაგრამ წიგნი იმდენად დიდებულია, რომ ჯობდა საერთოდ არ გადაეღოთ…

  3. watching panda
    July 28, 2012

    იცინოდა, მერე როგორ… საკითხავი ისაა, ეხლა, ადამიანების მიერ მისი ნაქადაგარის პირურკუღმა ამოტრიალების მერე, თუ ეცინება :)

  4. tsotnee
    July 29, 2012

    აჰა, უმაგრესი წიგნია!

  5. Natia Vasadze
    August 15, 2012

    უმბერტო ეკო მარტლაც გენიოსია და ცჰემი აზრით ქრისტე იცინოდა

  6. რუსა
    November 14, 2012

    დიდი ხანია მინდა წავიკითხო, მაგრამ ვერ მოვიცალე ჯერ :(

  7. Miss*Negrofonte
    January 10, 2013

    ეხლახანს მოვრჩი მეც და ბოლოს ამ წიგნმა გაოგნებული დამტოვა :))) სულ მგონია ბოლომდე ვერ ჩავწვდი და რაღაც უკმარისობის გრძნობა დამიტოვა :)) უილიამის იუმორი მომწონდა ძალიან, განსაკუთრებით მისი ირონია, როცა ადსოს ეუბნება : ძალიანაც ნუ მოინუსხები ამ სიწმინდეებისა და ძვირფასეულობის ყურებით, ეს რომ ნამდვილად ქრისტეს ჯვრისგან მორჩენილი ხის ნაწილი იყოს, მაშინ მსოფლიოში იმდენგან არის მსგავსი სიწმინდე , რომ გამოდის ქრისტეს ჯვრისთვის მთელი ტყის გაჩეხვა მოუხდათო და კიდევ იოანე ნათლისმცემლის რამდენიმე თავის ქალა მაქვს ნანახიო :)))) ნუ კარგად ვიცინე მსგავს რაღაცეებზე. ბოლოში ხორხეს რომ გადაბრალდა ყველაფერი, ისეთი გრძნობა დამრჩა, რომ ისე ჩახლართა ავტორმა სიუჟეტი, რომ ბოლოს ვიღაცისთვის ხელი უნდა დაედო ხოდა ხორხე შემორჩა :))) ნუ რა ვიცი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მე უფრო მეტ მისტიციზმს მოველოდი.. მაგრამ საბოლოო ჯამში წიგნი გენიალურია.

  8. ent
    March 15, 2013

    თქვენი კომენტარებით და რაც მთავარია პოსტით – მართლა დავინტერესდი ამ წიგნით, ახალ დაბეჭდილს რომ ადვიალდ შევხვდები ბლოგის ფოტოც მეტყველებს და ბუკინისტებში იქნება? რას ფიქრობთ?

  9. tako
    September 15, 2013

    უძლიერესი ნაწარმოებია, ქედს ვიხრი ავტორის ინტელექტის წინაშე :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: