Fsyche's Blog

მე მომწონს მათე

რაღა თქმა უნდა ჩემი დაწერილი არ არის, ეკუტვნის სემ გრინს <3

ეძღვნება მათეს, პირველ ჭკვიან ბიჭს, რომელიც მომწონს..

1მე მომწონს მათე. ეს უკვე ყველამ იცის – თვითონ მათემაც. ის პირველი ჭკვიანი ბიჭია, რომელიც მომწონს. აქამდე სულ უტვინოები, გაუნათლებლები მიზიდავდა. უნდა ვაღაირო – ცუდ დღეში ვარ. არ ვიცი, როგორ მოვხიბლო. უკვე ძალიან მომბეზრდა მიჯნურის თვალებით ცქერა. არადა რომ მხვდება, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს პორტრეტი ვარ ან უკეთეს შემთხვევაში – რომელიმე ცნობილი პოეტის ძეგლი და ისეთი დებილური ღიმილი მაკერია, რომ მგონი ფიქრობს, ეს უბედური ვინააო. თან ძალიან ვიბნევი და მხოლოდ გამარჯობის თქმას ვახერხებ. მერე კი აღარ ვიცი, რაზე ველაპარაკო… სულ დამავიწყა, ამას წინათ ცოტა გაგვიგრძელდა საუბარი. მე ვეკითხები:
–როგორ ხარ?
–კარგად, შენ?
–კარგად. (არადა ცუდ ხასიათზე ვიყავი)
მერე, როგორც ყოველთვის, ახლაც არ ვიცოდი, რა მეთქვა (მგონი გავწითლდი კიდეც) და მაინც შევეცადე:
–და როგორ ხარ?
–კარგად, კარგად.
–ცუდ ხასიათზე ხომ არ ხარ?
–არა.
–ესე იგი, კარგად ხარ..
ამით მორჩა. დავემშვიდობე და წამოვედი. რა სულელი ვარ, არა? მაგრამ რა ვქნა? რომ ვხედავ, ნამდვილი ისტერიკები მემართება , ხოდა როგორ გინდა ურთიერთობა გქონდეს იმ ბიჭთან, რომელსაც შეიძლება წყნარი საუბრისას მთელ ხმაზე უღრიალო, “რასაც მეუბნები არაფერი მესმის, იმიტომ, რომ ძალიან მომწონხარ! ხოდა ნუ დამტანჯე ამხელა ქალი (ჩემი ქალობის რა ვთქვი)! ნუ ხარ ეგეთი.. ეგეთი კარგი, გაიგე?! წადი, გამეცალე, მაცდურო მათე! თორემ შენს წინაშე ვენებს გადავიხსნი და შენი სათუთი, ფაქიზი სახე ჩემი უბადრუკი სისხლით მოირწყვება!” არა რა, ნამდვილად ცუდ დღეში ვარ…

პირველად მათე ერთერთ ინტელექტუალურ თამაშზე ვნახე – ჩემს ძმაკაცს საჯდომზე ხელი მიარტყა და გაიცინა. მაშინვე გავიფიქრე, რა საყვარელი ბიჭია–მეთქი. იმიტომ კი არა, რომ ჩემს ძმაკაცს საჯდომზე ხელი მიარტყა, უბრალოდ – ვიზუალურად მომეწონა… მაღალია, არც ისე გამხდარი, მაგრამ მაინც გამხდარი, შავი, ხუჭუჭი თმა აქვს, მოწყენილი თვალები (მგონი ასევე შავი ფერის) და წვერს ატარებს. ღიმილი უხდება. ძალიან საყვარელია. საოცარი ხმა აქვს, მშვიდი და სასიამოვნო. როცა პირველად მოვისმინე, კინაღამ გული გამისკდა და იმ წუთას ის ვიფიქრე, მასთან შედარებით რა ვაჟკაცური ხმა მაქვს-მეთქი. მაგიტომაც იყო ბავშვობაში (როცა დედაჩემი ძალით დამათრევდა მუსიკაზე) ბანს რომ მამღერებდნენ. მერე როგორ ვარაკრაკებდი.. რაღა მე და რაღა შალიაპინი…
დღეს გავიგე, რომ მათეს სინამდვილეში მათუსალა ჰქვია. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ პრინციპში რაში მაინტერესებს, მათუსალაა თუ ბუდა! მთავარია, რომ ძალიან საყვარელია და პირველი ჭკვიანი ბიჭი, რომელიც მომწონს… თუმცა, რა აზრი აქვს ამის ახსნას. ვისაც არ უნახავს, ვერასოდეს მიხვდება, რა საყვარელია მათე..
ამას წინათ ჩემი ორი მეგობარი რჩევებს მაძლევდა, არა, უფრო სწორად, მასწავლიდა, როგორ “შემება” მათე.

ვარიანტი 1
–მიდი და უთხარი, “რა მამაკაცური ხარ–თქო”

ვარიანტი 2
–როცა დაინახავ, მისკენ წადი, გაუღიმე და თვალი ჩაუკარი სექსუალურად. (ეს სექსუალური თვალის ჩაკვრა რაღა ჯანდაბაა?!)

ვარიანტი 3
–უკნიდან მიეპარე, პანჩური ამოარტი და გაიქეცი. ხომ გაბრაზდება და გამოგეკიდება. ხოდა რომ გამოგეკიდება, ეგ ხომ რაღაცას ნიშნავს, არა?!

ამისთანა დაახლოებით ოცი ვარიანტი მოვისმინე, თუმცა არცერთი მომეწონა. იმიტომ, რომ მათე სერიოზულად მომწონს. სხვები კიდევ დამცინიან. დასკვნა: ისინი ბრმები არიან და ვერ ხედავენ, რა საყვარელი ბიჭია მათე. თან ისეთი თვალები აქვს, ისეთი მოწყენილი, რომ ხანდახან მინდება ხოლმე, მივიდე და თვალებში ვაკოცო. მაგრამ მე ხომ მას ვერც კი ველაპარაკები და მხოლოდ დებილივით ვიღიმი, როცა ვხედავ. ხოდა რომ მივვარდე, არ იფიქრებს, ეს ვინ ყოფილაო?
დღეს იმდენად ვიყავი აღელვებული მათეს გამო, რომ ჩემს ჯგუფელს ვთხოვე, “მოდი, პლაკატები ვიყიდოთ, “მათე” დავაწეროთ, მისი სასწავლებლის წინ დავდგეთ და სანამ არ დაინახავს, ფეხი არ მოვიცვალოთ–მეთქი..” დამეთანხმა. თან რატომღაც გაუხარდა კიდეც და ჩემთვის ვიფიქრე – მე კი გამოვშტერდი და არცაა გასაკვირი “მიზეზთადა გამო”, მაგრამ ეს რაღამ გამოაშტერა–მეთქი…
გადავიფიქრეთ – პლაკატების ფული არ გვქონდა…

2

ხანდახან ისეთი უცნაური კითხვები მებადება, რომ მე თვითონვე მიკვირს. პრინციპში შეიძლება არცაა უცნაური და ასე ყველა იმ ადამიანს ემართება, რომელსაც ვიღაც მოსწონს. კითხვები კიდევ მოსვენებას არ მაძლევენ, მეჩხუბებიან, წიხლებს მირტყამენ და მოკლედ, შემჭამეს რა. დაახლოებით კი ასე გამოიყურებიან: “ნეტა, მათეს თუ მოსწონს ძველი როკი ან როკ–ნ–როლზე ცეკვა?” “ნეტა, მათეს თუ აინტერესებს ფილოსოფია?” “ნეტა, მათე რა სიგარეტს ეწევა?” “ნეტა, მათეს თუ უყვარს ინგლისი?” (ჩემი ოცნების ქვეყანა) “ნეტა, მათე თუა სევდიანი–ხანდახან მაინც?” და ა.შ. ერთი კითხვა კი არასოდეს მავიწყდება – “ნეტა, მათეს როგორი გოგოები მოსწონს?” თუმცა ამ კითხვას თვითონვე ვცემ პასუხს: “ალბათ სერიოზული და ჭკვიანი გოგოები. სათვალეს რომ ატარებენ, ხო? არასოდეს ამბობენ ცუდ სიტყვას და წელში გამართულები დადიან.” ამას რომ ვფიქრობ, ნამდვილი სასოწარკვეთილება მიპყრობს.. არც სერიოზული ვარ, არც ისე ჭკვიანი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან რატომღაც ძალიან მინდოდა, სათვალე მეტარებინა, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ყოველთვის კარგი მხედველობა მქონდა. ცუდ სიტყვებსაც საკმაოდ ხშირად ვიძახი. და არა მგონია, წელში გამართული დავდიოდე. მოკლედ, დროა, აივნიდან ვისკუპო… ბოლომდე ვერ ვუტყდები თავს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათე არასოდეს მომაქცევს ყურადღებას. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ იცის – მომწონს. აი, ესაა ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. არადა ისეთი საყვარელია, რაღაცნაირად ვერ ვთმობ.. მაგრამ თქვენ რა იცით?! ვისაც არ უნახავს, ხომ ვერც კი წარმოიდგენს, რა საყვარელია მათე…
არა, არ გეგონოთ, შეყვარებული ვიყო. ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი შეყვარებული და ისიც ერთ უბედურ ნარკომან პოეტზე, მაგრამ ახლა რა დროს ესაა! როცა მათე… ნეტა, რას აკეთებს ახლა მათე? ვითომ სძინავს? ან იქნებ წიგნს კითხულობს? მეორე ვარიანტი უფრო სარწმუნოა. ის ხომ ასეთი ჭკვიანია. ისე, მეც კი მაქვს ჭკუა, მაგრამ რატომღაც ხალხს დებილი ვგონივარ. შეიძლება, ჩემი ზედმეტი მხიარულების ბრალია. დღეს ხომ ასე განსჯის საზოგადოება – თუ თავში რამე გიყრია, თან ბლომად, მაშინ აუცილებლად სერიოზული უნდა იყო.. რა ვქნა! არ შემიძლია ეს ოხერი სერიოზულობა! ძალიან უბრალო ვარ – უბრალო ხალხი მიყვარს, ფილოსოფია და მათე. არა, მათე არ მიყვარს – მხოლოდ მომწონს.. და მაინც, ნეტა, რას აკეთებს ახლა მათე?

დღეს სასწავლებელთან შემხვდა მათე. ის მოდიოდა, მე მივდიოდი. იმდენად არ მოველოდი მასთან შეხვედრას, რომ როცა დავინახე, კინაღამ მიკრო ინფარქტის დიაგნოზით გამაქანეს საავადმყოფოში. მაინც მოვიკრიბე ძალა და მისკენ გავწიე. რომ მივუახლოვდი, რაღაც ცვლილება ვიგრძენი, მაგრამ უცებ ვერ მივხვდი –კონკრეტულად რა იყო ეს…
–როგორ ხარ, მათე? (მგონი პირველად მივმართე სახელით.)
–კარგად, შენ?
–კარგად… დღეს თამაშზე მინდა მოსვლა. შემომიშვებენ? (ვიცოდი მათე იქნებოდა და მაგ შემთხვევას გავუშვებდი ხელიდან?!)
–სიაში ხარ? (თურმე რაღაც სიაში ყოფნა ყოფილა საჭირო დასასწრებად)
–არა.
–მაშინ არა მგონია.
–ვინმეს ვთხოვ და იქნებ შემიყვანოს.
–რავი.
–კარგი, ხო, კარგად აბა..
აჰ, მივხვდი – წვერი გაუპარსია. აი, ეს გახლდათ ცვლილება. აშკარად წვერგაუპარსავი უფრო სიმპატურია, მაგრამ ამას ხომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა…
შემოვბრუნდი და გზა გავაგრძელე. ორი ნაბიჯი რომ გადავდგი, ისევ მოვტრიალდი და ვუყურებდი, როგორ მიდიოდა – ნელა, მშვიდად. ის კი იყო მშვიდად, მაგრამ აბა მე მკითხეთ?! ისეთმა ისტერიკებმა მომიარა, რომ ჯერ ხომ სანაგვე ურნას ვეცი და წიხლი ჩავაზილე (საცოდავი), მერე სასწავლებლის ეზოში შევვარდი და მთელი ჩემი მამაკაცური ხმით ვიღრიალე: “მე მათე მომწონს! გაიგეთ, თქვე სულელო ხალხო?! მათე მომწონს!” მერე რა გამოვიდა მაგით, დიდი ამბავი! ვიღას უკვირს ჩემი მათესადმი მიჯნურობა. ყველამ იცის ისედაც. თან სასაცილო ისაა, რომ მათეს კი არ იცნობენ, უბრალოდ იციან, რომ იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს ერთი ძალიან საყვარელი ბიჭი – მათე, რომელიც მომწონს.. არა რა, რა პოპულარული გავხადე, წარმოგიდგენიათ?

უნდა ვაღიარო, მათეს წყალობით ბევრი ინტელექტუალი გავიცანი. მათეს წყალობაა, აბა რა არის, რაც ეგ ბიჭი მომწონს, ერთ თამაშს აღარ ვაცდენ. დავდივარ ამ თამაშებზე, ვჯდები მათეს უკან და კითხვების მოსმენის მაგივრად ჩუმჩუმად ვუჭვრეტ. აბა, ისე სად უნდა ვნახო – სულ აქეთ-იქით დარბის. არა რა, მაგ ბიჭს სწავლა-განათლების მეტი არაფერი აინტერესებს. თუმცა როგორც გავიგე, ჭამა ჰყვარებია ძალიან. თურმე სულ შია. აბა რა იქნება! ისეთი ჭკვიანია, საკვები ხომ უნდა, რომ ტვინი დააპუროს და კარგად იაზროვნოს?! ხოდა იმას ვამბობდი, რომ მათეს დამსახურებით უამრავი ინტელექტუალი გავიცანი-მეთქი. სიმართლე რომ ვთქვა, მაკვირვებს ეს ხალხი. მაგრამ ეგ არაფერი – იმათ მე ვაკვირვებ. მგონი სულელად, ქარაფშუტად აღმიქვამენ და ყველაზე უცნაური რაცაა – რომელიმე რომ დაინახავს, სიგარეტს ვუკიდებ, გაოგნებული მეკითხება: “სიგარეტს ეწევი?!” თან ისეთი ტონით მეკითხებიან, გეგონება რამე მძიმე დანაშაული ჩამედინოს. დაახლოებით ისეა, მე რომ შევიცხადო: “როგორ, კაცი როგორ მოკალი?!” და მერე სულ ერთი და იგივე ფრაზა მესმის: “ინტელექტუალები სიგარეტს არ ეწევიან!” (ამას რაღაცნაირი სიამაყით და თან მკაცრად წარმოსთქვამენ). ოხ, ნუ შემჭამეთ რა! არ ვარ ეს ოხერი ინტელექტუალი! ერთი მხიარული გოგო ვარ, მწერლობას რომ აპირებს. და საერთოდ, უაზრობად მიმაჩნია, ადამიანი სწავლობდე, ვინ მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ამა და ამ წელს ამა და ამისთვის ან 1979 წლის 21 აპრილს რომელი ცნობილი ადამიანი მოკლეს და ამდაგვარები.. არა, თუ გეცოდინება, ძალიან კარგია. მაგრამ, ჩემი აზრით, მაგას სჯობს, ეს დრო ფიქრისთვის გამოიყენო – სამყაროში ამდენი საინტერესო და ამოუცნობი საკითხია ბოლოსდაბოლოს. (რა ვქნა, აშკარად მაქვს მიდრეკილება ლუდისა და ფილოსოფიისადმი). მოკლედ, ამ ინტელექტუალებმა ჭეშმარიტად-ტვინი გაბურღეს! მათ რომ ვუყურებ, სულ ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ჭკვიანი ბავშვები არიან, რომლებსაც ცხოვრების ინჩიბინჩი არ გაეგებათ. მხოლოდ სწავლაზე ფიქრობენ, არ სვამენ, არ ეწევიან. და არასოდეს ჩაიდენენ ისეთ რამეს, რასაც შემდეგ ინანებენ – მარტივი მიზეზის გამო – არ შეუძლიათ გარისკონ. ყოველთვის წინასწარ ფიქრობენ რა შედეგი მოჰყვება მათ საქციელს. მოკლედ, თავიანთი სამყარო აქვთ და კმაყოფილები არიან მყუდრო, ერთფეროვანი ცხოვრებით, რაც მე არ მესმის. ალბათ ეს ჩემი შინაგანიდან გამომდინარეობს. რა ვქნა, მე არ შემიძლია ასე. მოუსვენარი ვარ -სულ ძიებაში, და მოკლედ რა, ძალიან გადავუხვიე თემიდან. ინტელექტუალებზე საუბარმა გამიტაცა და მათე სულ მიმავიწყდა. დღეს ერთმა მითხრა, “შენ მგონი შეპყრობილი ხარ მათეთიო. ადამიანს რომ წერა აიტანს, ისე ჰყავხარ ატანილი მათესო.” ამაზე ვიფიქრე და მივხვდი, რომ მართალია. მათე ჩემი აკვიატებაა. მაგრამ ის ხომ ძალიან საყვარელი და სიმპატიურია! მერე რა, რომ წვერი გაიპარსა და არც ისე უხდება, მთავარია, რომ ის მათეა-პირველი ჭკვიანი ბიჭი, რომელიც მომწონს…

3
ეს ნამდვილი საოცრება იყო. ვიტყოდი, “მსოფლიოს მერვე საოცრება-მეთქი”, მაგრამ ამას წინათ გავიგე, რომ შვიდისთვის კიდევ რამდენიმე მიუმატებიათ და ახლა წარმოდგენა არ მაქვს, ათი საოცრებაა თუ ოცდაათი. ასე რომ, ამ გამოთქმას ვეღარ გამოვიყენებ. ხოდა მაშინ მარტივად, ძალიან უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო ჭეშმარიტად ნამდვილი საოცრება – მთვრალი მათე…
საღამოს ხუთი საათი იქნებოდა, მისმა ერთმა მეგობარმა რომ დამირეკა და მითხრა, კონცერტზე ვართ და მოდიო. ელვის უსწრაფესად მოვემზადე და გავვარდი. ნახევარ საათში ადგილზე ვიყავი. ბევრი ხალხი იყო და თავიდან ვერ შევამჩნიე, მაგრამ აი, როცა დავინახე, კინაღამ გადავყირავდი… დგას ეს ჩვენი მათე გოგოებში და ისე ცეკვავს, ცოტაც და ასფალტს ჩაანგრევს. ისეთი მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის, რომ ფეხის თითებიდან რომ დამეწყო ჩემს გაბურძგნულ თმას გასცდა და ცას მიაშურა ჩემმა გაოგნებამ… რომ შემამჩნია, მოვიდა. (პირველად მოხდა, თვითონ რომ მოვიდა -სიმთვრალის ბრალი იყო ალბათ). გადავკოცნე. იგივე ტექსტი:
-როგორ ხარ, მათე?
-მაგრად, შენ?
-კარგად.
მერე რაღაც დამიყვირა და ხმაურში ვერ გავარჩიე სიტყვები.
-რა?!
-გილოცავ გიორგობას! (ოხ, სულ დამავიწყდა. არცაა გასაკვირი – მათეს რომ ვხედავ, ყველაფერი მავიწყდება)
-მადლობა! მეც გილოცავ!
მერე წავიდა. იმ გოგოებთან მივიდა და აცეკვდა ისევ!
იცეკვე დიადო, მათე!
იცეკვე!
ოღონდ ნუ ყანყალებ ეგრე, თორემ შეიძლება ძირს დაებერტყო და შეგრცხვება მერე!.. მაგრამ ეგ არაფერი! მე არ გამეცინება!
მე მოვალ და წამოგაყენებ!
მე ხომ ასე ძალიან მომწონხარ!..
სიგარეტის საშოვნელად გავწიე და მათეც დავკარგე სათვალავიდან. ერთი ბომჟი მოვიდა და საუბარი გამიბა. ჯერ ხურდა მთხოვა. “არ მაქვს-მეთქი.” (მართლა არ მქონდა გზის ფულის მეტი). მერე მიყურა, მიყურა და უცებ მეუბნება:
-მე დებილი ვარ.
გამეცინა.
-არა უშავს, მეც. – მივუგე.
-მართლა?
-ხო, მაგრამ არ ინერვიულო მაგაზე. ღმერთს ჩვენ ძალიან, ძალიან ვუყვარვართ.
-მართლა?
-ხო.
-რატომ?
-იმიტომ, რომ დებილები ვართ.
შევატყვე, ძალიან გაუხარდა და რაღაცნაირად მეც გამიხრდა, იმას რომ გაუხარდა.. მომიახლოვდა , ხელი ჩამომართვა და წავიდა..
მერე რა ხდებოდა, არ ვიცი. ასე ვთქვათ, მათეს მივბაძე და უგონოდ გამოვთვერი. თითქმის არაფერი მახსოვს, გარდა იმისა, რომ ქვაფენილზე ვიჯექი და ვიღაცას ვუმტკიცებდი, ბათინკი ყველაზე მაგარი ფეხსაცმელია-მეთქი. მერე სცენაზე ავვარდი და გიტარისტის იმპროვიზაციას ვაკეთებდი. მერე ვიღაც ბიჭი გადამეკიდა და ძლივს მოვიშორე (შეიძლება ვაგინე კიდეც). ბოლოს კი ისე აღმოვჩნდი ჩემს ლოგინში, რომ წარმოდგენა არ მაქვს ვინ მიმიტანა სახლამდე.. ეგ რა არის. მეორე დილას ისეთ პახმელიაზე ვიყავი, მთელ დღეს საცოდავი თვალებით ვსაყვედურობდი ღმერთს: “რატომ გამაჩინე ასეთი ლოთი და უბედური-მეთქი!” პრიციპში ლოთი არ ვარ (მგონი არც უბედური), უბრალოდ ვინმეზე ხომ უნდა მეყარა ჯავრები, ხოდა ღმერთიღა შემრჩა ხელში…
მათეს დათრობა რატომღაც განსაკუთრებულ მოვლენად აღიქვეს მისმა ინტელექტუალმა მეგობრებმა. იმაზე უარესადაც კი, ვიდრე ჩემი მოწევა. მეორე დღეს ყველა ამაზე ლაპარაკობდა. საწყალი მათე. ნამდვილი სამსჯავრო მოუწყვეს. მე კი სიხარულით მეცხრე ცაზე ვფრინავდი და ანგელოზებს ვებაასებოდი ნიცშეს “ზარატუსტრაზე”. პირველ რიგში, ის მიხაროდა, მათემ რომ გიორგობა მომილოცა (მერე რა, რომ მთვრალი იყო. მაინც ხომ ნიშნავს რაღაცას?) მერე კიდევ ის, რომ თურმე მათე არ ყოფილა ისეთი სერიოზული ბიჭი, როგორიც მეგონა. და საერთოდ, სიმართლე რომ ვთქვა, გიჟი მათე უფრო საყვარელი მეჩვენა, ვიდრე – ჭკვიანი. რა სულელი ვარ! რომ არ გამოვმტყვრალიყავი, მთელ საღამოს დავტკბებოდი მოცეკვავე მათეს ცქერით. მერედა როგორი თავისუფალი იყო – სულ ფეხებზე ეკიდა ხალხი და იმას აკეთებდა, რაც უნდოდა.. მოკლედ, ამ ბიჭმა სულ გადამრია რა!.

4

ამას წინათ ჩემი მეგობარი (აი, ის, ვინც მითხრა “მათეს სინამდვილეში მათუსალა ჰქვიაო”) მეუბნება:
-იცი, მათემ წიგნი დაწერა.
-რა?! მართლა?!
-ხო.
-აუ, არ ვიცოდი თუ წერდა. (იმ წუთას გამიელვა – ე ვწერ, ისიც წერს – რაღაც არსებობს-მეთქი და სიხარულისგან კინაღამ სალტოების კეთება დავიწყე)
-როგორ არ იცოდი, მაგისი წიგნი ბიბლიაშია შეტანილი.
-ბიბლიაში?!
-ხო, რა, “მათეს სახარება” არ გაგიგია?!
-რა?!… შე დამპალო! მე მეგონა მართლა ამბობდი (წყალში ჩამეყარა მთელი აღფრთოვანება). ერთი გემრიელად შევიკურთხე, როგორც მჩვევია ხოლმე და ჩემი იმედგაცრუების მონელებას შევუდექი..
არა, მაინც რა სჭირს ამ ბიჭს, ასე რომ მომწონს? რატომ გამოვარჩიე სხვებისგან? ეგრე ბიჭების ოთხმოცდაათი პროცენტი ატარებს წვერს (გაპარსვა ეზარებათ და მაგიტომ), მოწყენილი თვალებიც ბევრს აქვს. მაშ, რისი ბრალია? რითია მათე განსაკუთრებული? – ახალი ფილოსოფიური ამოცანა.. ისე დავიწყე ამაზე ფიქრი, როგორც შელერის და ფოიერბახის ანთროპოლოგიურ კონცეფციებზე ვანთხევდი ხოლმე ტვინს… ხოდა გადავწყვიტე, უკეთ დავკვირვებოდი მათეს ამ საკითხის გადასაჭრელად.. არ დავაყოვნე. იმავე საღამოს თამაშზე წავედი. თავიდან კინაღამ გული გამისკდა – მათე არ დამხვდა. “ვაითუ, არ მოდის-მეთქი” – ვიფიქრე, მაგრამ სულ მალე გამოჩნდა. კიბეზე რომ ამოდიოდა, შევხედე. ფეხი აუცდა და კინაღამ დაებერტყა. ღიმილი ვერ შევიკავე. მაგრამ ეგ რა არის, კიდევ კარგი ჩემებურად არ ავროხროხდი, თორემ ხომ სულ დაეკარგებოდა ჩემზე წარმოდგენა. მოკლედ, როგორც იქნა, ამოათავა კიბე და მოვიდა, ჩვეულებრივ მომესალმა. მერე კი კაბინეტს მიაშურა, სადაც თამაში ტარდებოდა. მის უკან დავჯექი, ფანჯრის რაფაზე, 4-5 მერხის დაშორებით. მთელ ერთ საათს თვალი არ მომიშორებია. მისი ნაცნობები ხან მე მიყურებდნენ, ხან – მათეს და თვალები ეშმაკურად უციმციმებდათ.. უცებ მათე მობრუნდა და შემომხედა. არ ველოდი და იმდენად დავიბენი, რომ დამნაშავე ბავშვივით დავხარე თავი…
სახლში რომ წამოვედი, გზაში მათეს ერთ-ერთი ინტელექტუალი მეგობარი დამემგზავრა. საუბარი გავაბით. რა თქმა უნდა – მათეთი დაიწყო და მათეთი დამთავრდა. შუალედში კი მოვუყევი შინაარსი ჩემი მოთხრობისა, რომლის ლიტერატურულ კონკურსზე გატანას ვაპირებდი. მოთხრობა ერთ დარტყმულ გოგოზეა, რომელსაც ჰგონია, რომ მის სათამაშო ძაღლს სული აქვს და ისე ელაპარაკება, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. მათეს მეგობარი, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ჩაფიქრდა და გაეღიმა. “რა მოხდა-მეთქი.” – ვკითხე. “არაფერიო.” ჩავეძიე. მერე გამანდო.. თურმე ბავშვობაში გამოგონილი მეგობრები ჰყავდა – ცოლ-ქმარი – უნო და პაჭო. და როდესაც დედა კანფეტით ასაჩუქრებდა, კიდევ ორს სთხოვდა ხოლმე მათთვის. მერე დედამაც გაიგო და უკვე სამ კანფეტს აძლევდა. ერთხელ კი, როცა დედამ ჩვეულებისამებრ სამი კანფეტი მისცა, ბავშვმა დაიჩივლა, “კიდევ ერთი მინდაო”. დედამ გაიოცა – “ეს ვიღასთვის?” “მაგაპეტასთვის – უნოს და პაჭოს შვილი ეყოლათ…” გამეცინა..
მალე ჩვენი გზები გაიყარა და გამოვემშვიდობე. მივდიოდი და ვფიქრობდი. ვფიქრობდი ამ ბიჭზე, რომელსაც სჯეროდა უნოს, პაჭოს და მაგაპეტასი, სჯეროდა თავისი გამოგონილი მეგობრების რეალურობის. და უცებ ვიგრძენი, რომ რაღაცნაირად შემიყვარდა ეს ჭკვიანი ბავშვები, თავიანთი მყუდრო და მშვიდი ცხოვრებით, თავიანთი მარტივი ოცნებებით, თავიანთი სიწრფელით. უცნაური ბავშვები, რომლებიც ქარაფშუტა, სულელ გოგოდ მიმიჩნევდნენ და აოცებდათ ჩემი ზღვარსგადასული მხიარულება…
მერე ისევ და ისევ მათეს დავუბრუნდი. გამახსენდა ჩემი დღევანდელი საქციელი, თან იმ ფილოსოფიურ ამოცანას ვხსნიდი და უცებ, ისეთ რაღაცას მივხვდი, რაც მანამდე აზრადაც არ მომსვლია – მე მათეს ვაკომპლექსებდი, უხერხულ გარემოს ვუქმნიდი და რაღაცნაირად თითქოს დაძაბულობა შემქონდა მის ცხოვრებაში.. წარმოიდგინეთ, რომ ძალიან მოწონხართ ვიღაცას. და ეს ყველამ იცის. შენი მეგობრები ტვინს გიბურღავენ ამის გამო. თუ სადმე ერთად აღმოჩნდებით, თვალს არ გაშორებენ და ეცინებათ. განუწყვეტლივ რაღაცაზე მიგანიშნებენ და ათასი ამდაგვარი სისულელე.. უცებ, ისე შემრცხვა, ისე, რომ სურვილი გამიჩნდა, მათე მენახა და ამის გამო გულწრფელი ბოდიში მომეხადა მისთვის. ძალიან ვნანობდი, სხვებმა რომ იცოდნენ ჩემი მისდამი დამოკიდებულების შესახებ, ვნანობდი ასეთ მდგომარეობაში რომ ჩავაგდე და ეს ხომ სულ ჩემი სისულელით მომივიდა… მერე იმაზეც დავფიქრდი, რითია მათე განსაკუთრებული-მეთქი და ასეთი დასკვნა გამოვიტანე: მათე განსაკუთრებული სულაც არაა. ის უბრალოდ ჩემთვისაა განსაკუთრებული, იმიტომ, რომ მე მივანიჭე ეს განსაკუთრებულობა. იმასაც მივხვდი, რომ სწორედ ჩემი სისულელის წყალობით მათე არასოდეს მომაქცევდა ყურადღებას და რაღაცნაირად გული დამწყდა. ეს ხომ იმას ნიშნავდა, რომ ვერასოდეს ვეტყოდი, როგორი საყვარელი ბიჭია და ვერასოდეს ვაკოცებდი მოწყენილ თვალებში…

5
თქვენ ალბათ რომანტიკულ, ბედნიერ დასასრულს ელოდით (ინდური ფილმი კი არაა), რომ მათე მოვიდოდა ჩემთან დარცხვენილი და თავისი ნარნარი ხმით მაცნობებდა, რომ ისიც იმავეს გრძნობდა, რასაც მე.. იმედი უნდა გაგიცრუოთ. მაგრამ ეგ არაფერი. მართალია, მათე ძალიან საყვარელია და პირველი ჭკვიანი ბიჭი, რომელიც მომწონს, მაგრამ ხანგრძლივი მიჯნურობის შემდეგ თითქმის ხელი ჩავიქნიე და გადავწყვიტე: აღარ მომწონდეს. არ ვიცი, რამდენად სწრაფად მოვახერხებ ამას, მაგრამ რომ მოვახერხებ, ამაში ეჭვი არ მეპარება.. და მაინც, თუ ოდესმე მათეს მოვეწონები, მე თქვენ აუცილებლად გაცნობებთ ამას მოთხრობის მეორე ნაწილით, რომლის სათაურიც იქნება: “მათეს მოვწონვარ მე.”

დაკოპირებულია lit.ge-დან (მგონი ყველა უფლება დავიცავი რომ დავაკოპირე :D)

Advertisements

31 comments on “მე მომწონს მათე

  1. Di@
    May 14, 2010

    ლოლ, ეგ მათე ჩემი ჯგუფელია და სულაც არ არის ეგეთი, როგორაც მანდაა აღწერილი :D

  2. fsiQe
    May 14, 2010

    anu Senc ici, rom maris moscons 9da) mate? <3
    miyvars es gogo dzalian da motxrobac sigijemde shemiyvarda <3 <3 <3

    • შოშანა
      May 3, 2012

      გაგრძელებაც ქონდა ამ მოთხრობას.
      მე ისევ მომწონს მათე

  3. Di@
    May 14, 2010

    მე კი არა, მათემაც იცის, უკვე რა ხანია :D

    არ ვიცნობ მაგ გოგოს, ისე… :D

  4. fsiQe
    May 14, 2010

    matem rom icis eg vici, magram mtelma kursma tu icoda eg ar megona :D ara, ki cers yvelam iciso, magram mainc, mainc, mokled ra vici, ar mesiamovna :( e.i. chem kurssac ecodineba me vin momcons (an tu momewoneba) ar minda, mewyina :| aravin ar momewoneba :D :D

  5. mariefille
    May 17, 2010

    თუ არ იტყვი,არავისაც არ ეცოდინება :)

    ეს მოთხრობა იმიტომ მიყვარს,რომ მათეზეა,ანუ მათეს რომ არ ვიცნობდე,მოთხრობაც ალბათ არ მომეწონებოდა :) .იმიტომ,რომ ამ ავტორს ბევრად მაგარი მოთხრობები აქვს,”დები” მიყვარს ყველაზე ძალიან. უნიჭიერესი გოგოა სემ გრინი,ძალიან მომწონს :)

    • fsiQe
      May 17, 2010

      მე უკეთესი იდეა მაქვს :)
      თუ არ შეიყვარებ არავისაც არ ეცოდინება (მგონი ასე უკეთესია)
      მართლა ძალიან ნიჭიერია მარი, მაგრამ ეს მოთხრობა რაღაც ძალიან ჩემეულია. შეიძლება იმიტომ, რომ ვიცი არც ერთი სიტყვა არაა ყალბი, ანდა იმიტომ, რომ ავტორის მიმართ ვარ სუბიექტური, ან იქნებ ბევრი სხვა რამის გამო :დ
      მოკლედ, მე მომწონს სემ გრინის შემოქმედება და ეს მოტხრობაც ძალიან ჩემია <3

  6. Oroli
    May 30, 2010

    მდაა… ამ ბოლო დროს ჭკვიანი ბიჭების მოწონება მოდაში შემოვიდა, ალბათ მომავალზე დაიწყეს ფიქრი გოგონებმა, რაც ნამდვილად კარგია :))

    ხო, ბოლომდე ვერ წავიკითხე, მაგრამ ავტორს ერთ რჩევას მივცემ, როცა პირისპირ ლაპარაკი არ გამოგდის, ან გერიდება, ან იბნევი და ა.შ., სოციალური ქსელები საუკეთესო საშუალებაა პრობლემის მოსაგვარებლად ;) სალაპარაკო თემას კი არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ტანზანიის ისტორიაზე ესაუბრე თავიდან, და თუ მართლა განათლებულია და ცოტათი მაინც სიმპატიები აქვს შენს მიმართ, სალაპარაკო თემას თავად განავრცობს :))

    • fsiQe
      May 31, 2010

      ჭკვიანი ბიჭები ხომ ბოლომდე კითხულობენ ყველაფერს? :))))
      მგონი მომავალზე ფიქრზე მეტად ადამიანების სწორი კუთხით შეფასება/დაფასება ისწავლეს გოგონებმა და მიხვდნენ, რომ ყველაზე უსიამოვნო გრძნობა ისაა, როცა გვერდით გყავს ადამიანი, ვისთანაც სალაპარაკო თემასაც კი ვერ პოულობ, მხოლოდ იმიტომ რომ არაფერი იცის.იაროს და ზიდოს თავისი უკუღმართი პირმშვენიერება სიკვდილამდე, თავი თუ ცარიელი აქვს რა ჩემი საქმეა..
      რა მნიშვნელობა აქვს ერთი დღე იქნებით შენ და ‘ჭკვიანი ბიჭი’ თუ მთელი ცხოვრება, მთავარი ისაა, რომ მასთან ყველაფერზე შეგიძლია ილაპარაკო, შუა საუკუნეების დეკორატიული ხელოვნებით რომ დავიწყოთ და რომის პაპის ‘საგარეო პოლიტკით დავასრულოთ(თუმცა ეს უკანასკნელი დიდად მგონია არავის ადარდებს).
      მაინც უფრო ვფიქრობ სულელი ბიჭების მოდა გადავიდა და სულელი გოგოებისაც :დ
      ონლაინ ურთიერთობა მე მიუღებლად მეჩვენება ადამიანთან, რომელიც მოგწონს. კლავიატურაზე გამბედაობა სისულელეა ჩემი აზრით, სისუსტეა.თუ რამეს ფიქრობ ცხოვრებაში უნდა დაელაპარაკო, ერთხელ თუ არ გამოვა მეორედ, მესამედ, სამას სამოცდამეშვიდედ ან გაუშვა საიდანაც აღარ ბრუნდებიან

      • Oroli
        June 1, 2010

        აუცილებელი არაა ბოლომდე წაიკითხო, მთავარია აზრი სწორად გამოიტანო და მგონი არ შევმცდარვარ :ჵ

        გეთანხმები, ერთ-ერთი მიზეზი ”ჭკვიანი ბიჭების” მოდის ეგეც არის ;) ლაპარაკი ყველამ იცის, ზოგმა საკმარისზე მეტიც, მაგრამ მთავარი შინაარსია და არა უბრალოდ ენის ტრიალი :))
        კლავიატურას რაც შეეხება, ჩემი აზრით, თუ პირისპირ საუბარს ვერ ახერხებს, დასაწყისისთვის ამასაც არაუშავს. მთავარი დაწყებაა, და ასეთ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა – როგორ. მერე კი თავისით განვითარდება მოვლენები :))

      • fsiQe
        June 1, 2010

        მართალიც ხარ იქნებ, მე სამიჯნურო ამბების ბევრი არაფერი მაინტერესებს და ვერ ვიტყვი როგორია ინტერნეტ სიყვარული, მაგრამ ერთი ვიცი, არასდროს მომწონებია და არც მომეწონება ადამიანი, ვინც ვერ ბედავს რეალურ ცხოვრებაში ლაპარაკს და არც ის ადამიანი მომეწონება, ვინც ინტერნეტპროვოკაციებზე წამოეგება :დ (სუბიექტური აზრი, რა თქმა უნდა:)

        ნახევრად წაკითხვა და ზოგადი აზრის გამოტანა ზედაპირულ ცოდნად მიმაჩნია მე :პ ჭკვიანი ბიჭები კიდევ არასოდეს არიან ზედაპირულები :)

  7. Di@
    May 31, 2010

    მარიკოს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ მეც იმიტომ მომწონს ეს მოთხრობა, რომ ჩვენს მათეზეა… მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში ცდევა ავტორი… :) და კიდევ, მთელი კურსი არ ვარ მეე :D :D ჯგუფელია ჩემი და კურსზე კიდევ 400 კაცია :)

  8. Oroli
    June 1, 2010

    fsiQe

    ეს არ არის არც ლიტერატურული და არც სხვა სახის შემეცნებითი ნაწარმოები, ამიტომ ამის ბოლომდე წაკითხვით რაიმე გამოსადეგი ცოდნის მიღება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. შეიძლება რაიმე ცნობები შეიტყო კონკრეტულ პიროვნებებზე, მაგრამ როცა ამ პიროვნებებთან არანაირი კავშირი არ გაქვს, ეს ინფორმაცია ბევრს ვერაფერს მოგცემს… ხოდა, ერთმანეთის ჭკუაზე დასკვნების გამოტანა მაშინ, როცა ჩვენ ერთმანეთის შესახებ წარმოდგენაც კი არ გვაქვს და, მითუმეტეს შეუსაბამო და არასწორ მსჯელობას ვიყენებთ (ნუ, მე ნაკლებად…) – აბსოლუტური უაზრობა, ალოგიკური მსჯელობის შედეგი და მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის შეურაცხყოფა იქნება ;) მოკლედ, მე ჩემი აზრი გამოვთქვი, დაეთანხმები თუ არა ეგ შენი საქმეა… :ჵ

    • fsiQe
      June 1, 2010

      ra kargia shemecnebit literaturas rom adevneb tvals :)
      da ra sasaciloa darwmunebuli rom xar sakutari msjelobis sisworeshi (nu msjeloba daarqvi da dae erqvas) :”>
      netav cvaigis motxrobebi shemecnebitia da rames gvaswavlis axals? tu isic zedapirulad unda wavikitxot. mainc vfiqrob, yvelaze gamosadegi codna wakitxuli wignebidan “ostatma da margaritam” momitana ;) gana cota ramis swavla sheidzleba alqajebis mejlisidan. dzalian gamomadga

      • Oroli
        June 2, 2010

        რაღაც სწორად ვერ გაიგე როგორც ჩანს, უფრო დაკვირვებით წაიკითხე წინა კომენტარი. მაგ შედარებების მოტანა უფრო სასაცილო და უადგილოა. მე ამ ნაწერს არ ვაფასებ რაიმე შემეცნებითი ნიშნით და არა საერთოდ ლიტერატურას, რა სისულელეა, საიდან მოიტანე მიკვირს ;)

  9. fsiQe
    June 2, 2010

    ძალიან გასაგებად’ საუბრობ :*
    არ ინერვიულო, თუ უკეთესად გაერკვევი-ხოლმე რისი თქმა გინდა და შესაბამისი ფორმითაც გადმოსცემ, შეიძლება ჭკვიანი ბიჭის/გოგოს დროებითი შთაბეჭდილებაც დატოვო.მხოლოდ არა ჩემს თვალში :)
    თუ მაინცდამაინც პრაგმატიკოსი ხარ,”შემეცნებით (შენი გაგებით) ლიტერატურას ეძებ და ხელოვნების არაფერი გაგეგება საუკეთესო გამოსავალი იქნება აღარ შემოიხედო ამ ბლოგზე. არც შენ მოიშლი ნერვებს და შეუსაბამო და გამოუსადეგარი კომენტარების წერითაც ტყუილად არ დაიღლი თავს :)
    თუ ვცდები, მაშინ ბოდიშს ვიხდი და გამიხარდება კიდეც ხანდახან თუ შემოიხედავ

    • Oroli
      June 2, 2010

      ძალიან ვნერვიულობ :)))) ისე, ძალიან კარგად ვარ გარკვეული რისი თქმა მინდა იმაში და გადმოცემის უნარიც საკმაოდ მაქვს, ამიტომ თუ რამეს ვერ მიხვდი ისე როგორც საჭირო იყო, ეს ჩემი მინუსი იმდენად არაა რამდენადაც შენი… აბსოლუტურად სხვანაირად გაიგე ჩემი ნათქვამი სამწუხაროდ. შენი გონებრივი მონაცემები გავაკრიტიკო და დავამცირო, ძალიან ცუდი საქციელი იქნება იმიტომ, რომ არანაირად არ ვიცნობთ ერთმანეთს და კარგი იქნება ნაჩქარევი და უსაფუძვლო დასკვნებისგან შენც თავი შეიკავო, თორემ შეურაცხყოფაზე ადვილი არაფერია… ჩემი კომენტარი თუ გაღიზიანებს, შეგიძლია ყველა წაშალო, არაა პრობლემა. ძალიან ცდები და ბოდიშს ვიღებ შენგან ;)

      • fsiQe
        June 2, 2010

        უსაფუძვლო დასკვნების ავტორისგან ამის თქმა ცოტა მაკვირვებს, მაგრამ გეთანხმები )
        შენი ან ვინმეს კომენტარი რომ მაღიზიანებდეს დამიჯერე ბლოგს არ გავხსნიდი საერთოდ :) უბრალოდ ვხედავ დისკომფორტს გიქმნის კომენტარების წერა, კულტურის ფარგლებს შორდები და აგრესიაზე გადადიხარ. მაგიტომ გითხარი ზემოთ რაც გითხარი ის, სხვა არაფერი :)
        მოკლედ, მგონი შევთანხმდით იმაზე, რომ ვერ შევთანხმდებით არა?
        პ.ს. თუ კიდევ გამახარებ შენი ვიზიტით (აქ სიტყვა გამახარებ არანაირად არ იძენს ცინიკურ მნიშვნელობას) იყავი თავაზიანი და სმაილი “;)” არ დამიპოსტო

  10. Oroli
    June 2, 2010

    კარგი, დაწყნარდი:) კულტურის ფარგლებს არ გავცილებულვარ და მითუმეტეს აგრესიას არ გამოვავლენ, თუნდაც იმიტომ რომ გოგო ხარ. არც თავაზიანობა მესწავლება, დამიჯერე. ჩემ კომენტარებში მიკვირს ეგეთი რა აღმოაჩინე…
    კარგი, შევთანხმდით. ვეცდები ზოგადად თავი შევიკავო აქ დაპოსტვისგან, იქიდან გამომდინარე რომ (ჩემი აზრით) ჩემ ნათქვამს არასწორად იგებ…

    ” ;) ” – ამ სმაილსაც აღარ დაგიპოსტავ :P :))

    • fsiQe
      June 2, 2010

      ai xom gitxari cdebitqo, dawynardis amboben mashin, roca adamiani agelvebulia, shen kidev arc ki ici vgelav tu ara =)))
      nu eg araferi, mgoni zogad sakitxebze shevtanxmdit :)))

      • Oroli
        June 2, 2010

        ყოველშემთხვევაში, ლაპარაკზე ასე შეგატყვე, იქიდან გამომდინარე რომ არაფრისგან დიდი ამბავი შექმენი, რაღაც სიტყვებზე გამომეკიდე და გააზვიადე რაღაცეები… იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ უარყოფდი ამას :)არაუშავს. :ჵ

  11. Kate_AlukaЯD
    June 15, 2010

    ^_^ მეც მყავდა წარმოსახვითი ორი მეგობარი ბავშვობაში კაი 14 წლის ასაკამდე გულწრფელად მჯეროდა რომ არსებობდნენ :ფიქრ:
    მესმის მე ამ გოგოსი :D 7 წელი ეგრე ვიყავი სკოლაში :D:D:D:D ისიც ჭკვიანი იყო სათვალეებიანი და ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ქონდა… :)

    • fsiQe
      June 16, 2010

      უნდა გადააბა ერთმანეთს ეს ჭკვიანი და სათვალიანი ბიჭები. თავისი უიმორით შეუკრა ხელ ფეხი და სადღაც იქ გადაყარო, საიდანაც ძნელად გამოაღწევენ
      დანახვა აღარ მინდა მასეთების, სხვანაირების მითუმეტეს :დ

      შენი წარმოსახვითი მეგობრების გაცნობით დავიწყე მე ბლოგერობა <3 მგონი პირველი ბლოგპოსტი იყო, რომელიც წავიკითხე :ხ:ხ:

      • Kate_AlukaЯD
        June 16, 2010

        რა არის იცი? ასე გადაყრაც არ შეიძლება.. მე მაგალითად ჭკვიანურად მქონდა არჩული.. სათვალეებიანი იყო ჭკვიანიც კარგი იუმორითაც მაგრამ ზატო ცოტა არ იყოს და შეუხედავი იყო :D ხოდა თავისთავად ჩემ გარდა არავის მოწონდა :D მაგრამ რათ გინდა მაგანაც არ მიშველა :D ზატო 7 წლის მანძილზე არავისზე მიეჭვიანია :D

  12. fsiQe
    June 16, 2010

    ბუ მიყვარხარ მე შენ <3 =)))))

  13. mwvanevashli
    June 21, 2010

    კარგი მოთხრობა ყოფილა, იმიტომ რომ საერთოდ სიყვარულზე დაწერილი რაღაცების კითხვას საშინლად ვერ ვიტან და ეს რახან წავიკითხე, ესე იგი, კარგია ;)

    • fsiQe
      June 22, 2010

      ჰო, მასე ვარ მეც, არ მიყვარს სამიჯნურო ლიტერატურა, მაგრამ ეს სენტიმენტალური არ არის და კიდევ რა ვიცი, კარგია მე ვფიქრობ :)

  14. geniosebi
    October 12, 2010

    მეც მომწონს მათე თან ეხლა ჩემთანაა, სავარძელზე წამოწოლილი რაღაც უაზრო ფეხბურთს უყურებს და პახოდუ მაგარი მთვრალიცაა სავარაუდოდ იმიტომ რომ ერთი ბოთლი არაყი დალია( 500 მილილიტრიანი) ხო კიდევ, ესეთი სულაც არაა ჩვენი მათე ამ უბედურს 16 წელი ვიცნობ და ეს მოთხრობაღა აკლდა ისედაც თავში აქვს ავარდნილი. გოგოებო შეეშვით ამ ბიჭს ჯობია ისევ მისთვის შეეშვით :დ (ხო გოგო არ ვარ არავინ იეჭვიანოს) :დ

  15. შოშანა
    May 3, 2012

    გაგრძელებაც ქონდა ამ მოთხრობას ‘მე ისევ მომწონს მათე”

  16. Mirra (@diclo43)
    September 19, 2012

    chemi mate! <3

  17. Mirra (@diclo43)
    September 19, 2012

    მათე ერთ ადამიანსაც ერთი ნახვით შეუყვარდა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on May 14, 2010 by in Uncategorized and tagged .
%d bloggers like this: