მე ვნახე ქართული ფილმი მხოლოდ ოთხი გმირით და არ მოვიწყინე.

ლიტერატურულში ჯდომა რომ მოგვბეზრდა, მოვკიდეთ ხელი ჩანთებს და პალტოებს და “ამირანის” მცირე დარბაზში შევედით. ქართული ფილმი გადიოდა. არანაირი მოლოდინი არ გვქონია დროის გაყვანის გარდა. ვიცოდით, მთავარი გმირები ან ძველი ბიჭები იქნებოდნენ, ან ნარკომანები. შეიძლება სექს მუშაკიც ყოფილიყო ვინმე. ყური გვქონდა მოკრული ფილმი ომზეაო და ისიც ვიფიქრეთ, მთელი 90 წუთი ყუმბარების ცვენას და უაზრო პათეტიკას უნდა ვუყუროთ-თქო. გზა მაინც არ გვქონდა სხვა და ეკრანის წინ მოვკალათდით.
არ იყვნენ ჩვეულებრივი პერსონაჟები. ფილმში ოთხი გმირია და ოთხივე განხვავდება ქართული კინოს სტანდარტული სახეებისგან. ნიკა, გიორგი, თამრი და თინა. ოთხმოციანების თაობა. ომებგამოვლილი “ბავშვები”. ფილმში მხოლოდ ისინი ჩანან და გრჩება შთაბეჭდილება რომ ოთხივე თავიანთი თაობის განზოგადებაა. რომ მათი პრობლემები მთელი თაობის პრობლემებია. ისინი ბავშვები არიან, რომლებიც გაიზარდნენ და რომელთა ადგილიც უბრალოდ არ არის. ისინი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ვერაფერს აკეთებენ, იმიტომ რომ ომია მთელი მათი ცხოვრება. იმის მიუხედავად, ცვივა თუ არა მათ თავზე ყუმბარები, მაინც ომია და ეს ომი აკარგინებს მათ ყველაფერს, ისინი არიან ჩუმები და აპათეურები, დგებიან პრობლემების წინაშე და ჩერდებიან, ან უბრალოდ მიდიან. ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე.. კამერა კი დგას იღებს სტატიკურ კადრებს, შემოდიან კადრებში და გადიან ახალგაზრდები, რომელთა ცხოვრებაშიც არაფერი ხდება, რომლებიც არაფერს ცვლიან, რომლებსაც არაფრის იმედი აქვთ, რომლებიც მარტო არიან. არადა “ბავშვობაში ყველაფერი უფრო მარტივად იყო”.
ფილმის გმირები ვერ პოულობენ ადგილს სამყაროში, სადაც ცხოვრობენ. ვერც საკუთარ თავს პოულობენ. გიორგი ტოვებს პრესტიჟულ სამსახურს და პატარა სასურსათო მაღაზიაში იწყებს მუშაობას, რომელიც არასოდეს გაფართოვდება. თამრი ხვდება რომ ცხოვრებაში ყველაფერი მოსაწყენია და სამსახურიდან მოდის, უფრო სწორად მორბის. ნიკა.. ნიკა ოცნებობს რომ დილის 8 საათზე იღვიძებდეს, სამსახურში მიდიოდეს, რაიმეს ქმნიდეს, მერე ქუჩაში სიარული უხაროდეს.. მაგრამ..
ფილმში, რომელიც ომზეა, თითქმის არც ახსენებენ ომს. ფილმში, რომლის ყურების დროსაც არ მომიწყენია, თითქმის არც არაფერი ხდება ბოლო მომენტამდე. ბოლო წუთამდე მაინც გრძნობ რომ ომის შვილი ხარ, რომ ვერასდროს იპოვი ადგილს რომ ჩამოჯდე მაინც, რომ ვერასდროს იპოვი ადამიანს, რომ დაელაპარაკო, ვერც შენ გიპოვიან, იმიტომ რომ ომი ცივია და ჩვენც გულგრილებს გვხდის.
კადრები უდავოდ ლამაზია, ოპერატორი ნამდვილად კარგი. მსახიობები არ არიან ყალბები. სცენარი – დასახვეწი. რამდენჯერმე ვიფიქრე ზოგიერთი რამ იმიტომ მოხდა ფილმში, რომ სცენარის ავტორს წერისას სხვა არაფერი მოაფიქრდა. მუსიკა არ გიშლით ხელს, ფინალი ოდნავ ბანალურიც, მაგრამ იმ რეალობის ანარეკლი, რასაც 80-90-იანების “დაკარგული კაცების თაობა” ქვია. ქალები მარტო, (სავარაუდოდ) ბავშვებით ითავსებენ “დედას” და “მამას” როლებად. ცხოვრებაც გრძელდება და მიყვებიან დინებას მკვდარი თევზებივით. არაფერი ხდება.

“არანაირი მოლოდინი არ გვქონია დროის გაყვანის გარდა. ვიცოდით, მთავარი გმირები ან ძველი ბიჭები იქნებოდნენ, ან ნარკომანები.”<<<< აი ესეთი დამოკიდებულება გამოიწვიეს ქართველი რეჟისორების გადაღებულმა უკაანსკნელმა ფილმებმა, ამდენ ნაგავს შორის რაც კარგია ისიც იკარგება, ამ ფილმის მიმართ ინტერესი და შესაბამისად მოლოდინი საერთოდ არ გაამჩნდა , როგორც საერთოდ ქართული ვითომდა "პერსტიჟული ფილმების" მიმართ ,რომლებშიც ნარკოტიკების, პროსტიტუციის და თბილისური LOVE STORY-ების გარდა არაფერი ყრია… ამ ფილმმა თავისი სათქმელი თქვა, განსხვავებულად ,არაერთფეროვნად მაგრამ არასრულყოფილად.. სრულყოფილებაა?!! — სრულყოფილება არ არსებობს !