ყველას თავისი პროტესტი აქვს

სასაცილოა იმაზე მსჯელობა რომ პროტესტის გამოხატვა ყველა ადამიანს შეუძლია. შეიძლება გქონდეს ან არ გქონდეს პროტესტი რაიმე საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს პროტესტის ფორმა, მაგრამ ალბათ აუცილებელია იმაზე შეთანხმება რომ პროტესტის გამოხატვისთვის ყველას თავისი ფორმა აქვს, ჩემთვის მოსაწონი ან არ მოსაწონი, მაგრამ შენთვის მისაღები, ანდა პირიქით, თქვენთვის მიუღებელი და ჩემთვის მისაღები – არ აქვს მნიშვნელობა, ყველას ერთი აზრი ვერ ექნება და არც არის საჭირო რომ ჰქონდეს. საჭირო ის არის რომ ყველამ სხვის აზრს და გამოხატვას სცეს პატივი, თუნდაც იმიტომ რომ არ დაკარგოს საკუთარი ღირსება.

ამ ყველაფერს ამხელა შესავალი იმიტომ გავუკეთე რომ ფეისბუქზე ვირუსივით გავრცელდა ვიდეო გუდიაშვილის სკვერიდან. გუდიაშვილის სკვერის ამბებს როგორმე ჩემს გარეშეც გაიგებდით, ამიტომ ახლა ამაზე არაფერს დავწერ, თუ მაინც ჯერ არაფერი იცით, გადახედეთ.

ვიდეოს შინაარსი ასეთი იყო, გოგონა ზის გუდიაშვილის სკვერში და ყიდის საკუთარ რძეს, რომელსაც იქვე იწველის (არ ვიცი როგორ ქვია თუ ეძახიან ამას, იმედია სხვა სახელი ჰქვია და მე არ ვიცი, იმიტომ რომ “იწველის” ძალიან ცუდად ჟღერს). არ ვიცი ამ შემთხვევაში რამდენად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას თუ რატომ აკეთებს ის ამას, მაგრამ მე ძალიან არ მესიამოვნა ფეისბუქზე დაწერილი კომენტარები ამის შესახებ. მე ვფიქრობ ეს რომც არ ყოფილიყო პროტესტი, რომც არ ყოფილიყო პერფორმანსი, რომც არ განგვეხილა ხელოვნების კუთხით, არავის საქმე არ არის ვინ სად და როგორ გაყიდის საკუთარ რძეს ან თუნდაც რაიმე სხვას. კომენტარები “მოგი@@@ნთ მინიფესტი”, “ქართველობას გვართმევენ” და ა.შ. ჩემთვის ძალიან მიუღებელია. გამოსავალი მარტივია -არ მოგწონს? გაიარე.

დღეს მეც ვიყავი გუდიაშვილის სკვერში და გულწრფელად რომ ვთქვა ერთი შეხედვით ჩემთვისაც არ იყო დიდად ესთეტიური რძის “მოწველის” სანახაობა, მაგრამ ერთი შეხედვით ესთეტური არ არის ჩემი საყვარელი რეჟისორის ფილმებიც, მეტიც -ამაზრზენია. ესთეტური არ არის ბევრი მხატვრის ტილო, ესთეტური არ არის ბევრი რომანი,  ბევრი რამე არ არის ესთეტური. საერთოდ, ესთეტურობაც სუბიექტური ცნებაა, რაც ჩემთვის ესთეტურია, სხვისთვის პირიქით და ა.შ.

ისე, რომ დავფიქრდი არაესთეტური რაღაცები უფრო გვაფიქრებენ, თუნდაც “ლაქტ-აქცია” გუდიაშვილის სკვერში. რისი გამოხატვა შეიძლებოდა სდომოდა ამ გოგონას?
იქნებ იმის რომ იყიდება ყველაფერი და თუ ყველაფერი იყიდება, დედა გაყიდის საკუთარ რძეს, რომელიც ძალიან ინტიმურია, რომლითაც ის ზრდის შვილებს, მომავალ თაობას, ახალი საზოგადოებისთვის, მაგრამ  თუ ვყიდით აწმყოს და წარსულს (ამ შემთხვევაში ისტორიულ ადგილს), ვყიდით სულიერ საზრდოს მომავალი თაობისთვის. მაშინ რატომ არ გავყიდოთ ფიზიკური საზრდოც?!

ან იქნებ იმის რომ ახალი საზოგადოება უკვე არსებობს და ის გუდიაშვილის სკვერში თავმოყრილი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ამაგრებენ ფასეულობებს, რომლებმაც ისწავლეს არააგრესიული ფორმით გაპროტესტება, რომლებიც როგორც იქნა შეეშვნენ “გადადექის” ყვირილს და დაიწყეს ზრუნვა გარემოზე, ქალქაზე და იქნებ ამ გოგონას უნდოდა ენიშნებინა ჩვენთვის, რომ ახალ საზოგადოებას, რომელიც მორალურად ძველზე მაღლა დგას, ისევე ჭირდება მხარდაჭერა როგორც დედის რძე ჩვილ ბავშვებს?!

ან იქნებ სულ სხვა რამის. ადამიანებს სხვადასხვაგვარად ესმით ყველაფერი და ალბათ ყველა მნახველმა თავისებურად აღიქვა.

იქნებ სინამდვილეში სულაც არაფერი ჩაუფიქრებია განსაკუთრებული და უბრალოდ ის გაყიდა რაც ჰქონდა და ამით შეუერთდა პროსტესტს? გაყიდა ისე, როგორც სხვები ყიდდნენ საყურეებს, ბუკლეტებს საბჭოთა ისტორიიდან, ლარიანებს ორ ლარად, რიყის ქვებს და ათას რამეს, გაყიდვა ხომ ყველაფრის შეიძლებოდა.  მერე კი უსაქმურებმა დაიწყეს გმობა. ამ შემთხვევაში ჩემთვის სანახაობა ვიზუალური კუთხით ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ეს გემოვნების საკითხია. გემოვნების საკითხია პროტესტის ფორმაც და მისი აღქმაც, მე შეიძლება მირჩევნია მოვუსმინო სიტყვით გამოსვლას, ვუყურო ცეკვას. სხვამ იყიდოს რძე და დალიოს რძიანი ყავა, რის გაფიქრებაზეც მე ალბათ შემაჟრჟოლებს, მაგრამ ვიტყვი რომ იმ გოგონას საქციელი არ არის დანაშაული, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ მორალისტები და მისი პროტესტი წარმატებით შედგა, თუ მან ერთ ადამიანამდე მაინც მიიტანა ეს პროტესტი. ფორმებს და გემოვნებას აქ მნიშვნელობა არ აქვს.

ჩემი აზრით მორალის კითხვა, დაცინვა, გინება, ლანძღვა და სხვა უარყოფითი საქციელები, რაც ვიდეოს მოჰყვა უბრალოდ ცუდი საქციელია. და საერთოდაც ცუდი საქციელია ‘მორალისტობა’ თუკი არ მოგწონს “სალო” დაე ნუ უყურებ მას, იმიტომ რომ ყველას თავისი ესთეტიკა აქვს.

9 Comments

Filed under Uncategorized

საქართველოში დაბადებულების ცარიელი ცხოვრება

მე ვნახე ქართული ფილმი მხოლოდ ოთხი გმირით და არ მოვიწყინე.


ლიტერატურულში ჯდომა რომ მოგვბეზრდა, მოვკიდეთ ხელი ჩანთებს და პალტოებს და “ამირანის” მცირე დარბაზში შევედით. ქართული ფილმი გადიოდა. არანაირი მოლოდინი არ გვქონია დროის გაყვანის გარდა. ვიცოდით, მთავარი გმირები ან ძველი ბიჭები იქნებოდნენ, ან ნარკომანები. შეიძლება სექს მუშაკიც ყოფილიყო ვინმე. ყური გვქონდა მოკრული ფილმი ომზეაო და ისიც ვიფიქრეთ, მთელი 90 წუთი ყუმბარების ცვენას და უაზრო პათეტიკას უნდა ვუყუროთ-თქო. გზა მაინც არ გვქონდა სხვა და ეკრანის წინ მოვკალათდით.

არ იყვნენ ჩვეულებრივი პერსონაჟები. ფილმში ოთხი გმირია და ოთხივე განხვავდება ქართული კინოს სტანდარტული სახეებისგან. ნიკა, გიორგი, თამრი და თინა. ოთხმოციანების თაობა. ომებგამოვლილი “ბავშვები”. ფილმში მხოლოდ ისინი ჩანან და გრჩება შთაბეჭდილება რომ ოთხივე  თავიანთი თაობის განზოგადებაა.  რომ მათი პრობლემები მთელი თაობის პრობლემებია. ისინი ბავშვები არიან, რომლებიც გაიზარდნენ და რომელთა ადგილიც უბრალოდ არ არის. ისინი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ვერაფერს აკეთებენ, იმიტომ რომ ომია მთელი მათი ცხოვრება. იმის მიუხედავად, ცვივა თუ არა მათ თავზე ყუმბარები, მაინც ომია და ეს ომი აკარგინებს მათ ყველაფერს, ისინი არიან ჩუმები და აპათეურები, დგებიან პრობლემების წინაშე და ჩერდებიან, ან უბრალოდ მიდიან. ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე.. კამერა კი დგას იღებს სტატიკურ კადრებს, შემოდიან კადრებში და გადიან ახალგაზრდები, რომელთა ცხოვრებაშიც არაფერი ხდება, რომლებიც არაფერს ცვლიან, რომლებსაც არაფრის იმედი აქვთ, რომლებიც მარტო არიან. არადა “ბავშვობაში ყველაფერი უფრო მარტივად იყო”.

ფილმის გმირები ვერ პოულობენ ადგილს სამყაროში, სადაც ცხოვრობენ. ვერც საკუთარ თავს პოულობენ. გიორგი ტოვებს პრესტიჟულ სამსახურს და პატარა სასურსათო მაღაზიაში იწყებს მუშაობას, რომელიც არასოდეს გაფართოვდება. თამრი ხვდება რომ ცხოვრებაში ყველაფერი მოსაწყენია და სამსახურიდან მოდის, უფრო სწორად მორბის. ნიკა.. ნიკა ოცნებობს რომ დილის 8 საათზე იღვიძებდეს, სამსახურში მიდიოდეს, რაიმეს ქმნიდეს, მერე ქუჩაში სიარული უხაროდეს.. მაგრამ..

ფილმში, რომელიც ომზეა, თითქმის არც ახსენებენ ომს. ფილმში, რომლის ყურების დროსაც არ მომიწყენია, თითქმის არც არაფერი ხდება ბოლო მომენტამდე. ბოლო წუთამდე მაინც გრძნობ რომ ომის შვილი ხარ, რომ ვერასდროს იპოვი ადგილს რომ ჩამოჯდე მაინც, რომ ვერასდროს იპოვი ადამიანს, რომ დაელაპარაკო, ვერც შენ გიპოვიან, იმიტომ რომ ომი ცივია და ჩვენც გულგრილებს გვხდის.
კადრები უდავოდ ლამაზია, ოპერატორი ნამდვილად კარგი. მსახიობები არ არიან ყალბები. სცენარი – დასახვეწი. რამდენჯერმე ვიფიქრე  ზოგიერთი რამ იმიტომ მოხდა ფილმში, რომ სცენარის ავტორს წერისას სხვა არაფერი მოაფიქრდა. მუსიკა არ გიშლით ხელს, ფინალი ოდნავ ბანალურიც, მაგრამ იმ რეალობის ანარეკლი, რასაც 80-90-იანების “დაკარგული კაცების თაობა” ქვია. ქალები მარტო, (სავარაუდოდ) ბავშვებით ითავსებენ “დედას” და “მამას” როლებად. ცხოვრებაც გრძელდება და მიყვებიან დინებას მკვდარი თევზებივით. არაფერი ხდება.

1 Comment

Filed under კინო

ქარს გატანებული ძალადობის დღე

ხვალ..

Leave a Comment

Filed under Uncategorized

მშიერი ბავშვები, რომლებიც დედებმა არ “მოკლეს”

Image

ჩემ მეზობელს ოთხი შვილი ყავს, ორ პატარა ოთახში ცხოვრობს, აბაზანა არ აქვს და საპირფარეშოსთვის ეზოს ბოლოში მდგარ ფიცრულში დადის, მოხუცი დედა ჰყავს და ალკოჰოლიკი ქმარი, რომელიც რომ თვრება სცემს. უკვე თერთმეტი წელია რაც ჩვენ ეზოში მდგარ პატარა შენობაში ცხოვრობს და ამ თერთმეტი წლის მანძილზე ძალიან ბევრი ღამე მახსოვს, როცა ნასვამი ქმრისგან გამოქცეულს თავისი ოთხი ბავშვიანად ღამე ჩვენთან გაუთევია. ამ ამბის დრამატიზება ჩემი მხრიდან სისულელე იქნება, იმიტომ რომ ამბავი ისედაც დრამატულია, ამიტომ აღარ მოვყვები იმას, რომ აკანკალებულ ბავშვებს მთელი ეს ღამეები ეღვიძათ, რომ მათ დედას ხეულის სხვადასხვა ნაწილები ჰქონდა დალურჯებული, რომ ყოველ ღამით, როცა კი ისინი ჩვენთან ან სხვა მეზობლებთან მირბოდნენ საკუთარი სახლიდან, ეშინოდათ მამას მათთვის არაფერი დაეშავებინა. როცა სახლში ბრუნდებოდნენ ციოდათ, დედა მწვანე ნავთქურას ანთებდა შუა ოთახში, ისეთს ოთხმოცდაათიანებში რომ ღარიბ ოჯახებში ჰქონდათ, ზედ ჩაიდანს დგამდა, პურზე ტყემლის კომპოტს უსხამდა და ასე ასაუზმებდა, ასევე ასადილებდა და ავახშმებდა, თუ რომელიმე მეზობელს არ გაახსენდებოდა რომ ბავშვების მამა როცა ფხიზელია მარტო მაშინ მუშაობს (ფხიზელი კი ძალიან იშვიათადაა) დედას კი მუშაობას კი არა, ეზოდან გასვლას უკრძალავს.
ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როცა ნათია თავის შვილებიანად ღამეს ჩვენთან ათევდა, დედას მოუყვა რომ ორსულად იყო.
მე ვფიქრობ ამ ისტორიის ბოლომდე მოყოლას აზრი აღარ აქვს. უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი – უნდა გაეკეთებინა თუ არა ნათიას აბორტი? და თუ არა, მაშინ რას სთავაზობდა შვილს, რომელსაც როგორც აბორტის მოწინააღმდეგეები ამბობენ „დაბადებამდე კლავდა“, სიკვდილზე უკეთესს?
ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი რომ ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე გავაკეთე გამოკითხვა იმის შესახებ, ემხრობიან თუ არა აბორტს ადამიანები. პასუხებმა გამაოცა. უმრავლესობა აბორტის წინააღმდეგი იყო, თანაც ამ ადამიანებს თავი კეთილშობილ ადამიანებად მიაჩნდათ, რომლებიც ისეთი ჰუმანურები არიან, რომ მათთვის მიუღებელია 12 კვირამდე ჩანასახის მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ „მოკვლა“. უცნაურია, თუკი ისინი ასეთი ჰუმანურები არიან, რატომ ეწინააღმდეგებიან აბორტს? მითუმეტეს საქართველოში, ქვეყანაში სადაც ძალიან ბევრ მშობელს არ აქვს იმის სახსრები რომ შვილი სკოლაში შეიყვანოს, განათლება მისცეს, უბრალოდ გაათბოს ზამთარში და ჩააცვას თუნდაც ღარიბული ტანსაცმელი?  საინტერესოა, ნეტავ ეს ადამიანები თუ ფიქრობენ რომ ნათიასნაირი ქალები, რომლებიც ღამეებს ოთხი შვილით მეზობლებთან ათევენ და შვილებს ტყემლის კომპოტით, ჩაით და პურით ასაუზმებენ, თუკი მეხუთე შვილს არ გააჩენენ უგულო და ამორალურ არსებებად ჩაითვლებიან და რომ ისინი უბრალოდ საკუთარი ეგოიზმის გამო ამბობენ უარს მეხუთედ, მეექვსედ, ან მეთორმეტედ გახდნენ დედები.

ვაპირებდი უფრო ვრცელი პოსტი დამეწერა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ გადავიფიქრე.

ნახეთ ეს ფილმი მორალისტებზე და ქალზე, რომელიც ახალგაზრდა ქალებს ეხმარებოდა

17 Comments

Filed under ერის ხმა

გოგონა. ტატუ. დრაკონი. ანუ კლარასთვის გასაგზავნი წიგნი

ეს გარეკანის ის ვერსიაა რომლის ნახვასაც უფრო ვისურვებდი ამ წიგნის ყდად

ეს გარეკანის ის ვერსიაა რომლის ნახვასაც უფრო ვისურვებდი ამ წიგნის ყდად

„წიგნები ყდიდან იწყება ყოველთვის. არავინ მოგატყუოთ რომ ეს ასე არაა.“ -უყვარს ხოლმე თქმა ჩემ ერთ მეგობარს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ განზოგადება ყოველთვის სისულელეა, ამ განზოგადების ჩათვლით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „გოგონა დრაკონის ტატუთი“ არის წიგნი რომელიც ყდიდან არ იწყება. იმიტომ რომ ყდა ნამდვილად ძალიან შეუფერებელია წიგნისთვის, რომელიც სულაც არაა თინეიჯერულ-თავქარიანული და არც ისეთი მდარე ხარისხის, როგორიც დეტექტივების 90 პროცენტია. თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ სტიგ ლარსონის „ქალთმოძულე კაცები“ (ეს წიგნის მეორე სათაურია) დეტექტივია. მაინც ნუ შეგაშინებთ ეს ამბავი ისე როგორც მე შემაშინა და მთელი ერთი თვე საწერი მაგიდის მარცხენა კუთხეში დადებულ წიგნს გვერდს ვუვლიდი, დავხედავდი გარეკანს, გამახსენდებოდა რომ დეტექტივია და ვაგრძელებდი სხვა საქმიანობას. მერე ისევ დავხედავდი ვფიქრობდი რომ ასეთ ყდაში არ შეიძლება საინტერესო ამბები იმალებოდეს, მივიდოდი წიგნების კარადასთან და ვეძებდი წასაკითხ ლიტერატურას. ბოლოს დავნებდი და გადავშალე ჩემთვის არასაყვარელი დეტექტიური ჟანრის თინეიჯერულ-თვაილაითურ ყდიანი წიგნი და მივხვდი რომ არასდროს არ უნდა იმსჯელო წიგნებზე გარეკანით. ვეღარც დავხურე.

დასკვნა: სტიგ ლარსენი ითრევს. Continue reading

3 Comments

Filed under ლიტერატურა

პოლი-პოლი-ინტერპოლი

მათზე ამბობენ რომ შორეული 90-იანების ბოლოს სხდებოდნენ ნიუ იორკელი ბიჭები Joy Divisions და The Chameleons  უსმენდნენ და ბოლოს ჯგუფიც შექმნეს, თავიდან რამდენიმე სახელი გამოიცვალეს, შემდეგ ინტერპოლი დაირქვეს და სიმღერების ჩაწერა დაიწყეს.

სინამდვილეში ყველაფერი 1997 წელს დაიწყო, როდესაც დენიელი  და გრეგი  ნიუ იორკის  უნივერსიტეტში სწავლის დროს საერთო საცხოვრებელში ერთ ოთახში აღმოჩნდნენ და ჯგუფის შექმნის იდეა დაებადათ. ასევე ნიუ იორკის უნივერსიტეტში ფილოსოფიის და ისტორიის კლასში შეხვდა დენიელი კარლოს დენგლერს და ჰკითხა დაუკრავდა თუ არა მომავალში ყველაზე პოპულარულ ინდი ჯგუფში მასთან და გრეგ დრუდისთან ერთად. როგორც ჩანს შეკითხვაზე დადებითი პასუხი მიიღო და დენიელს გაახსენდა ინგლისელი ბიჭი, რომელიც საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნო, მოუსმინა და ვისაც სწორედ ისეთი ვოკალი ჰქონდა მათ რომ ჭირდებოდათ – მსოფლიოში საუკეთესო. ამ ბიჭს პოლ ბენკსი ერქვა და ბავშვობაში კლასელები ხუმრობით „ინტერ-პოლს“ ეძახდნენ. აი ასე – „პოლი-პოლი-ინტერპოლი“.  თავიდან უარზე იყო, მაგრამ როცა ბიჭების მუსიკა მოისმინა, ფარ-ხმალი დაყარა და ჯგუფს შეუერთდა. ასე გაჩნდა ინდი სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო ბენდი, რომელსაც მოგვიანებით „ინტერპოლი“ დაარქვეს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ინტერნაციონალურ პოლიციასთან და რომლის მნიშვნელოვანი როლის აღნიშვნის გარეშეც დღეს უკვე რთულია ისაუბრო ინდი როკსა და პოსტ პანკზე.  Continue reading

2 Comments

Filed under music

შემოდგომის ყვითელი სიმშვიდეები ბეტონის ნაცრისფერ ქალაქში

ჯვარს ეცვი თუ გინდა! თბილისში დარჩენილი ადამიანებისთვის შემოდგომა თითქმის არასოდეს დგება. არც გაზაფხული, არც ზამთარი და საერთოდაც, რთულია თბილისში სხვადასხვა სეზონები, სითბოები და სიმშვიდეები მთელი თავიანთი დადებითი მხარეებით თუ არა ოდნავ მაინც იგრძნო. თბილისში მარტო ვერასდროს დარჩები.

პატარა ქალაქია თბილისი, მაგრამ ასე თუ ისე მაინც დიდი ქალაქის ცხოვრებით გვიწევს ცხოვრება. არადა დიდ ქალაქებშიც კი შეიძლება იპოვო სიმშვიდე. თბილისში -არა! არადა ზოგჯერ ხომ ისე ძალიან მოგინდება მარტო დარჩენა ხეებთან, ბალახებთან, ყვითელ ფოთლებთან, მიწასთან, ცასთან, ნაკადულებთან, ელფებთან, თოლიებთან, პეპლებთან, ციყვებთან, ირმებთან,  საკუთარ თავთან.. ხომ არის ზოგჯერ რომ გინდა დაწვე ბალახებზე, ხეებქვეშ და არაფერზე იფიქრო, უსმინო საყვარელ მუსიკას, ითვალო ჩამოცვენილი ყვითელი ფოთლები, ხეებზე დარჩენილი შეყვითლებული ფოთლები, გადამფრენი ფრინველების გუნდები, წამები, როცა მშვიდად ხარ, ბედნიერი მომენტები აბსტრაქტული არქივებიდან და ის ბედნიერი მომენტებიც, რომლებიც ჯერ არქვიში არ შესულა, იმიტომ რომ ჯერ არ ყოფილა.

ბეტონის ქალაქის სივრცეებში რომ პარკებია იქ გარბიხარ, თავქუდმოგლეჯილი გარბიხარ, წვები ხეებქვეშ, თვალებს ხუჭავ, ყურსასმენებს იკეთებ, იმიტირებულ ბუნებაში ხარ, ხელოვნურ სივრცეში, მაგრამ აქ ხეებია, ფოთლებია, სივრცეა, თუნდაც მცირე სივრცე, თუნდაც ხელოვნური, მაგრამ მაინც სხვაზე ნამდვილი. ყველაზე ნამდვილი სივრცე ბეტონის ქალაქში. შენ, ვისაც ყველაზე მეტად გიყვარს ხანდახან განმარტოება წევხარ და ფიქრობ ფერიებზე, ელფებზე, ჩიტებზე, მომენტებზე არქივებიდან და მომავალი არქივებიდან, ჯადოქრებზე, ჩამოცვენილ და ხეზე დარჩენილ ფოთლებზე, არარეალურ სამყაროებზე და ქრები ჩაკეტილი სივრცეებიდან, ხეები გიფარავენ, ხეები გიკედლებენ, ხეებს უყვარხარ. შენც გიყვარს ისინი. მათ ესმით ყველაფერი შენი, იმახსოვრებენ, ფოთლებს გაყრიან და თავის ნაწილად გაქცევენ, თავის სამყაროში გიღებენ ისე რომ არაფერს ითხოვენ შენგან და შენ უფრო გიყვარს ისინი ამის გამო. აქ ყველაზე მშვიდად ხარ, აქ შენი სახლია.

ბედნიერი ხარ, გინდა ადგე და ირბინო, ყველა ხეს ჩაეხუტო და მადლობა უთხრა სიმშვიდეებისთვის, შემოდგომისთვის, წარსულებისთვის, მომავლებისთვის, არაფრისთვის, ყველაფრისთვის, თვალებს ახელ, ყურსასმენებს იხსნი და ვიღაც იმბეცილი გეკითხება “პლეხანოველი ხარ?” “რას უსმენ?” “რა გქვია?” და გძულს ყველაფერი, ქრებიან ხეები, ტყეები, ფოთლები, ელფები, ბედნიერი მომენტები წარსულებიდან, მომავლებიდან, სითბოები, სიყვარულები, ნაკადულები, შემოდგომები, გაზაფხულები და რცები ისევ ნაცრისფერი ბეტონის და უფრო ნაცრისფერი ადამიანების ქალაქში. გაქცევა გინდა.

13 Comments

Filed under ერის ხმა, ჩემი ამბები

The Rolling Stones

ლონდონის მოყვარული გოგონას გესტ პოსტი მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის როლინგ სთოუნზის შესახებ რაღაც-რაღაცები


The Rolling Stones არის ინგლისური როკ ბენდი, რომელიც დაარსდა ლონდონში, 1962 წლის აპრილში ბრაიან ჯონსის, იან სტიუარტის, მიკ ჯაგერისა და კიტ რიჩარდსის მიერ.
ამ ჯგუფის შესახებ ასე თუ ისე ალბათ ყველას გვსმენია, მაგრამ მე მინდა შემგთავაზოთ საინტერესო ფაქტები

  • The Rolling Stones-ის შესახებ დოკუმენტური ფილმის Gimme Shelter-ის (მომეცი თავშესაფარი) გადაღებისას 1970 წელს ერთ-ერთი ოპერატორი იყო ახლა უკვე ცნობილი ლეგენდარული რეჟისორი George Lucas.
  • სიმღერა ‘Gimme Shelter’ მარტინ სკორსეზემ გამოიყენა ოთხ ფილმში.
  • ერთადერთი ალბომი, რომელიც ვერ მოხვდა დიდი ბრიტანეთის ჩარტების ტოპ 5-ეულში იყო 1997 წლის ‘Bridges To  Babylon’, რომელმაც მიაღწია მე-6 ადგილს.
  • 1967 წლის სინგლი ‘We Love You’ მათ შეასრულეს John Lennon და Paul McCartney-ისთან ერთად, რომლებიც იყვნენ ბექ ვოკლაში.
     
  • ალბომ ‘Sticky Fingers’-ის გარეკანის დიზაინერი იყო Andy Warhol. Continue reading

1 Comment

Filed under music

შემოდგომის კინოფესტივალის მოკრძალებული ხიბლი

ბათუმის ბულვარში მებევრედ ნანახი "ანტიქრისტე"

ბათუმის ბულვარში მებევრედ ნანახი "ანტიქრისტე"

ყველაზე კარგი ამბებიც კი აუცილებლად დამთავრდება. ჰოდა რა გასაკვირია ბათუმის კინოფესტივალიც რომ დამთავრდა. თბილისში ჩამოვედი, რამდენიმე დღემ გაიარა და ახლა უფრო ადვილია მთელი განვლილი 8 დღის შეფასება. ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალს წელს უკვე მეორედ დავესწარი და შემიძლია რამდენიმე უტყუარი დასკვნა გამოვიტანო. აი ისინიც:

  •  კინოფესტივალები აუცილებლად უნდა ტარდებოდეს ბათუმში! არა, იმიტომ კი არა რომ მე ბათუმის კინოფეტივალზე ვიყავი და სუბიექტური ვარ, უბრალოდ ბათუმი ძალიან ჯადოსნური ქალაქია და ძალიან უხდება კინო და ძალიან უხდება კინოს, თორემ აგერ უკვე მეოთხედ ვაპირებ დეკემბერში თბილისის კინოფესტივალზე დასწრებას, მაგრამ ბათუმში ნანახი კინო მაინც სულ სხვანაირია.
  •  ბათუმის კინოფესტივალზე ირანულ კინემატოგრაფს ზედაპირულზე ბევრად უკეთ გავეცანი, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ ამ ფესტივალის. შარშან აბას კიაროსტამი, წელს დარიუშ მეჰრჯუი და ვაჰიდ მუსაიანი. მერწმუნეთ, სულ რომ არ ყოფილიყო სხვა ფილმები, ჩუმი და ალუზიებით სავსე ირანული სურათებით დატკბობა რად ღირს. მარტო ამისთვის უნდა ჩაალაგო ზურგჩანთა და ბათუმში წახვიდე
  • მშვიდია შემოდგომის ბათუმი, აქ შეგიძლია კინოსგან მოპარული საღამოები სანაპიროზე გაატარო, ძალიან შავ წყალში იცურო, თავი ზღაპარში გეგონოს, მუსიკას უსმინო და ცაში არეკლილ ზღვას და ზღვაშია რეკლილ ვარსკვლავებს დააკვირდე, თითოეული დეტალი გააანალიზო დღისით ნანახი ფილმიდან იმ დროში, რომელიც განუსაზღვრელია და არ არის აუცილებელი ოჯახის წევრებს დაუთმო. შეგიძლია მთელი კვირა ფესტივალს ეკუთვნოდე.
  • ბათუმში აუცილებლად უნდა იყოს აპოლოზე ბევრად დიდი და დრამატულ თეატრზე ბევრად კომფორტული კინოთეატრი, მაგრამ რაც არის მგონი ჯობია ამაზეც მადლობა ვთქვათ.
  • საავტორო კინოს ბათუმის ფესტივალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი დაფინანსება ვიდრე ახლა აქვს, თუნდაც იმიტომ რომ საქართველოში ყველაზე კარგი კინოფესტივალია და კიდევ უფრო კარგი იქნება როცა ის ხარვეზები გამოსწორდება რაც წელს და შარშან იყო.
  • რაც შეეხება “მელანქოლიას”: თბილისში ჩამოსვლისთანავე ვნახე ლარს ფონ ტრიერის ფილმი და გული დამწყდა. იმაზე კი არა რომ ფესტივალზე მისი ჩვენება ვერ მოხერხდა, იმაზე რომ გული მწყდებოდა რომ ფესტივალზე მისი ჩვენება ვერ მოხერხდა.  ტრიერი ჩემი ძალიან საყვარელი რეჟისორია და მის ფილმს ყველაზე მეტად ველოდებოდი წელს ფესტივალზე, მაგრამ “მელანქოლიამ” იმდენად გამიცრუა იმედი რომ მიხარია რომ იქ ვერ ვნახე. სამაგიეროდ ვნახე ჩემი ასევე საყვარელი რეჟისორის, მაიკ ლის “სხვა წელიწადი” და კიდევ უფრო შემიყვარდა.
მოკლედ, რომ ჩამოვედი, დავფიქრდი და გავაანალიზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ბათუმის ფესტივალი ის ფესტივალია რომელსაც მომავალ წელსაც აუცილებლად დავესწრები და ალბათ კიდევ ბევრ კარგ ფილმს და ჯადოსნურ ემოციას ჩამოვიტან.

12 Comments

Filed under კინო

დიდი იმედები, იმედგაცრუებები და იმედები

დილით ადრე ადგომა, ღამით პლაჟზე წოლა, ცაში არეკლილი ზღვის ყურება და ნიკ ქეივის მოსმენა. ანას ნიკის. ცოტა ლუდი და ბევრი მელანქოლია.

სამი დღეა რაც ანა ჩამოვიდა და მთელი ჩვენი განწყობა აივსო “მელანქოლიით”. ვისხედით და ვითვლიდით საათებს, წუთებს, წამებს ფილმამდე, რომელიც არ გვინდა, გვჭირდება.

სადაც ახლა ვსხედვართ, ოდესღაც ნავები იყო, ახლა მხოლოდ ნავმისადგომებია შემორჩენილი. ჩვენ უკიდურეს ზღვარზე დავსხედით და ტბაში არეკლილ ლურჯ სინათლეს ვუყურებთ. ლამაზია. მაგრამ “მელანქოლია” უფრო ლამაზია. დარწმუნებული ვარ რომ უფრო ლამაზია. ანაც დარწმუნებულია.

დღეს მთელი ფილმები გამოვტოვეთ. ლარსის ფილმამდე სხვა ფილმის ნახვა დანაშაულია. ვისხედით და გვეტირებოდა როცა გავიგეთ რომ ტრიერის ფილმს ვერ აჩვენებდნენ. არადა როგორ ცდილობდნენ ფესტივალის ორგანიზატორები, საკუთარი თვალით რომ არ მენახა არ დავიჯერებდი. დანამდვილებით არ ვიცით იქნება თუ არა ხვალ ლარსის ფილმი, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ხვალ მაინც ნახონ სპეციალურად ამ ფილმისთვის ჩამოსულმა ადამიანებმა “მელანქოლია”. არადა ანამ კინაღამ მაგისტრატურის გამოცდა გააცდინა ლარსის ფილმისთვის. ნეტავ რამდენ ადამიანს უყვარს ასე ტრიერი? ალბათ რამდენიმეს. არადა დიდი ამბით კი გაიძახიან ბათუმში ჩამოსული კოლეჯური მელოდრამების მოტრფიალეები მელანქოლიას ველოდებითო. მოსცლიათ მგონი. ნეტავი ერთი მაგათ. სულერთი არ არის?  ნეტავ თუ მოეწონებათ? ჩვენ ვფიქრობთ რომ არა.

ასეა თუ ისე, თუ ლარს ფონ ტრიერის ფილმს არ ჩავთვლით, ფესტივალი კარგად მიმდინარეობს. ფილმებიც მეტ-ნაკლებად საინტერესოა. ზოგი ცოტათი, ზოგი ძალიან (იხილეთ წინა პოსტი საინტერესო ფილმზე). ყველაზე საინტერესო ფილმის ამბავს ხვალ დავწერ ალბათ. მე მაინც მჯერა რომ ორგანიზატორები შეძლებენ და ხვალ “მელანქოლიას” ვნახავთ. რა კარგი იქნებოდა ბათუმის ფესტივალს ცოტა მეტი დაფინანსება რომ ჰქონოდა.

3 Comments

Filed under კინო